“ეკონომიკური გამოწვევების ფონზე ქვეყნის ცენტრალური ბანკის როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება და გამადიდებელი შუშის ქვეშ ხვდება”
„გასული წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი წარმატებით იყენებდა ისეთ ინსტრუმენტებს, როგორებიცაა რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, სადეპოზიტო სერტიფიკატები, ღია ბაზრის ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდები, ერთდღიანი სესხები და დეპოზიტები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიში მოისმინეს.
“მივესალმები ეროვნული ბანკის ყოველ ახალ წამოწყებას, რომელიც ემსახურება საბანკო სფეროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას. ერთერთ ასეთად უნდა მივიჩნიოთ გასულ წელს ახალი ინსტრუმენტის – სავალუტო ოფციონების ამოქმედება”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის სამომავლო საქმიანობას. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, არსებული და მოსალოდნელი გამოწვევების ფონზე მარტივი არ იქნება 2020-2021 წელი.
„თუმცა ამაზე პარლამენტს საუბარი მოუწევს ,,ეროვნული ბანკის 2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ პროექტის განხილვისა და დამტკიცების პროცესში, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ჩვენი საზოგადოება და ეკონომიკა (ისევე როგორც მთელი მსოფლიო) დგას კორონავირუსით გამოწვეული უპრეცენდენტო გამოწვევების წინაშე. ჩვენს შემთხვევაში, როცა სახეზე გვაქვს მიმდინარე ანგარიშის ქრონიკული დეფიციტი, მაღალი დოლარიზაცია, საკურსო რყევები, დანაზოგების სიმწირე ქვეყნის ცენტრალური ბანკის როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება და გამადიდებელი შუშის ქვეშ ხვდება“, -განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და ეროვნულ ბანკს წარმატებები უსურვა.