მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან 3 შემოტანილია, ერთის დაინფიცირების წყაროს მოძიება გრძელდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან 3 შემოტანილია, ერთის დაინფიცირების წყაროს მოძიება კი გრძელდება.

მისივე თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 26 პაციენტი მკურნალობს.

“4 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, გამოჯანმრთელებულის რიცხვი 3-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 143 პაციენტი მკურნალობს.

4 ახალი შემთხვევიდან 3 არის შემოტანილი, მათგან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 – საკარანტინე სივრცეში დადასტურებული, ხოლო მე-4 შემთხვევის წყაროს მოძიება გრძელდება და, ალბათ, მოკვლეული იქნება, თბილისში დადასტურდა ეს შემთხვევა.

ჩვენს ცენტრში 1 გამოჯანმრთელდა, დაგვემატა 3 ახალი შემთხვევა, სამივე იმპორტირებული – ერთი სომხეთიდან, ორი ყირგიზეთიდან და ამჟამად გვყავს 26 დადასტურებული პაციენტი. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მხოლოდ ერთთან აღინიშნება პნევმონია და ისიც არ არის მძიმე, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. არცერთთან შეინიშნება დაავადების პროგრესირება და მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები