ნინო ლომჯარია: შაქარაშვილის ოჯახის განცხადებით, კადრების გავრცელება მათ ტრავმირებას იწვევს, ამიტომ გასათვალისწინებელია, ისე გავავრცელოთ ფაქტები, რომ ოჯახის მდგომარეობაზე ვიფიქროთ
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეში სახალხო დამცველი არა რომელიმე მხარის ინტერესის სასარგებლოდ, არამედ იმ მიზნით ჩაერთვება, რომ გამოძიების ობიექტურად მიმდინარეობას დააკვირდეს.
რაც შეეხება გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან შეხვედრას, სადაც დაზარალებულებმა სახალხო დამცველს “მთავარი არხის” მხრიდან ბულინგის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია – ნინო ლომჯარიამ ყველა მედიასაშუალებას თემის ეთიკური ნორმების დაცვით გაშუქებისკენ მოუწოდა.
„საქმეში ჩვენი ჩართვის მიზანია მხარეთა უფლებების დაცვა – როგორც დაზარალებულის, ასევე, ბრალდებულების, რომ მათი საპროცესო უფლებები გამოძიების პროცესში იყოს დაცული. დაკავებულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ მათ არ სჭირდებათ სახალხო დამცველის დახმარება. თუმცა იყო ცალკეული საყურადღებო ინფორმაციები, რომლებიც ეხება სავარაუდო ზემოქმედების განხორციელების მცდელობას, რომლებზეც ბრალდებულები საუბრობენ.
სახალხო დამცველი არ არის ორგანო, რომელიც მედიასაშუალებებს ეტყვის, რა ფორმით ან როგორ მოიპოვონ ინფორმაცია. გარკვეული რეკომენდაციები მაქვს ყველასთვის, ვინც აღნიშნული საქმის ირგვლივ ავრცელებს ინფორმაციას. ჩემი თხოვნა იქნება, რომ პატივი ვცეთ ოჯახის პირად სივრცეს, ასევე, ძალიან მძიმეა ოჯახისთვის, როდესაც ვრცელდება კადრები და გარკვეული ფოტოსურათები, რაც, ოჯახის განცხადებით, მათ ტრავმირებას იწვევს. ამიტომ გასათვალისწინებელია, რომ ისე გავავრცელოთ ფაქტები, ვიფიქროთ ოჯახის მდგომარეობაზე“, – განაცხადა ლომჯარიამ.