დიმიტრი ხუნდაძე ზურაბ ჭიაბერაშვილს: საოკუპაციო ზოლთან გამწვავებული ვითარება თქვენი დამსახურებაა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძესა და „ევროპული საქართველოს“ წევრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს შორის მცირე შეკამათება მოხდა.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ სხდომაზე განაცხადა, საოკუპაციო ზოლთან გამწვავებული ვითარება წინა ხელისუფლების დამსახურებაა.
„რაც შეგვახსენეთ საოკუპაციო ზოლთან მომხდარი ფაქტი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა, მაგრამ ეპიდვითარებასთან ამას საერთო არ აქვს, თუმცა, საერთო აქვს თქვენს საქმიანობასთან. გამწვავებული ვითარება საოკუპაციო ზოლთან არის სწორედ თქვენი დამსახურება, მაგრამ მე არ მიყვარს ამაზე საუბარი“, -განაცხადა ხუნდაძემ.
აღნიშნულს ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოეხმაურა:
„ანუ იქამდე მივედით, ბატონო დიმიტრი, რომ ომი საქართველომ დაიწყო? ომი საქართველომ დაიწყო – ეს თქვით ახლა თქვენ. ეს ისეთი საკითხია, რომლის გატარება არ შეიძლება. თქვენ ახლა თქვით, რომ ომი საქართველომ დაიწყო. მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელიც მაშინ მართავდა ქვეყანას. თუ ჩვენი ბრალია, მაშინ ომი საქართველომ დაიყო, ეს არის თქვენი ლოგიკა, რომლითაც 8 წელია, აზიანებთ ქვეყანას“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
„ეს იყო თქვენი შეცდომა. შედეგით იზომება ყველაფერი. თქვენ პროვოკაციებს აყევით და ის შედეგია დამდგარი -20% ოკუპირებული ტერიტორია. ეს არის ფაქტი“, – მიმართა ხუნდაძემ ჭიაბერაშვილს.