“საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დღეს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დეპუტატები დღეს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს. კენჭისყრამდე ცვლილებებს ჯანდაცვის კომიტეტზე განიხილავენ.
პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება.
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პროექტის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვა, ასევე, ეკონომიკისთვის შეუქცევადი ზიანის არიდება და ის, რომ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას რაიმე საფრთხე არ დაემუქროს.
„ამ თემის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება არის დაუშვებელი. არის ორი გზა – ერთი, დაავალო მთავრობას და მისცე საშუალება, რომ იბრძოლოს ამის წინააღმდეგ ეფექტურად. მეორე არის, რომ გამოაცხადო საგანგებო მდგომარეობა, რომელიც, რასაკვირველია, იმოქმედებს საკონსტიტუციო ცვლილებების რეალიზაციაზე. არჩევნები უნდა ჩატარდეს მაღალ დონეზე, ამ პერიოდისათვის უნდა იყოს დაცული და უსაფრთხო მდგომარეობა მთელს საქართველოში. აი, ეს არის მთავარი ამოცანა. რასაკვირველია, ამ ურთულეს სიტუაციაში, რომელშიც რეგიონიც აღმოჩნდა და მდგომარეობაც რთულდება, საქართველომ უნდა მოახერხოს და გადაარჩინოს თავისი მოსახლეობაც და საშუალება უნდა ჰქონდეს, ეკონომიკას ცოტა მაინც მიეხმაროს იმდენად, რომ საზოგადოებამ რაც შეიძლება ნაკლებად გადაიტანოს ეს უმძიმესი პერიოდი. ამიტომ გახდა აუცილებელი, რომ მივიღოთ ეს კანონი”, – განაცხადა ვოლსკიმ.