ეკატერინე ტიკარაძე: მთავრობის მთავარი ამოცანაა, ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქებას არ მოჰყვეს ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა
„საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანაა, დადებითი შედეგი მიიღოს ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ისე, რომ შეზღუდვების შემსუბუქებას არ მოჰყვეს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა”, – გერმანული გამოცემა FAIReconomics-ი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის საქართველოში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მცირე რაოდენობის მიზეზი მაშინ, როცა მათი რიცხვი განსაკუთრებით იზრდება რუსეთში (სხვა ქვეყნებში), მინისტრი პასუხობს, რომ საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები.
„საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები და გამოიყენა ყველა მექანიზმი ქვეყანაში COVID-19–ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. მთავრობამ პანდემიის კონტროლის პირველი ეტაპი ქვეყნაში პირველი COVID შემთხვევის დადასტურებამდე ერთი თვით ადრე დაიწყო. ამ ფაზაში შედის კოორდინირებული მოქმედებების განხორციელება შესაბამისი მულტისექტორული თანამშრომლობის შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების მაქსიმალურად თავიდან აცილების მიზნით. მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად, მიღებული იქნა მკაცრი საკარანტინოე ზომები, რამაც სერიოზულად დააზარალა ეკონომიკური სექტორი. დღეს საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანაა, დადებითი შედეგი მიიღოს ვირუსების გავრცელების თავიდან აცილების მიმართულებით ისე, რომ შეზღუდვების შემსუბუქებას არ მოჰყვეს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ამასთან, მისი თქმით, მთავრობა ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა ქვეყნიდან სამშობლოში დაბრუნებაში.
„ქვეყნის გარეთ მცხოვრებ, საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ შეზღუდვა ქვეყანაში დაბრუნებაზე. მთავრობა ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა ქვეყნიდან სამშობლოში დაბრუნებაში სპეციალური ფრენების საშუალებით. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, მოქალაქეებმა უნდა დაიცვან 14-დღიანი საკარანტინე ან თვითიზოლაციის წესები”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.