ნინო ლომჯარია: ვაპირებ შაქარაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრას – მათგან მოვისმენ, რა კითხვები აქვთ გამოძიებასთან, რაში სჭირდებათ სახალხო დამცველის ჩართულობა
“ვაპირებ შაქარაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრას. მათგან მოვისმენ, რა კითხვები აქვთ გამოძიებასთან, რაში სჭირდებათ სახალხო დამცველის ჩართულობა”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.
„გამოძიებასთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა არის. სახალხო დამცველი ამ დღეებში დაასრულებს ყველა ბრალდებულის მონახულებას, ასევე, ვაპირებ შაქარაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრას. მათგან მოვისმენ, რა კითხვები აქვთ გამოძიებასთან, რაში სჭირდებათ სახალხო დამცველის ჩართულობა და არ გამოვრიცხავ, ასევე, მივმართოთ პროკურატურას, რომ მოგვცენ საშუალება, წვდომა გვქონდეს მიმდინარე გამოძიების მასალებზე და შევისწავლოთ, რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს სიცოცხლის მოსპობის საქმეზე გამოძიება. კითხვები გამოძიების მიმართ არის ის, რაც ისმის. სახალხო დამცველი არ არის საგამოძიებო ორგანო და ჩვენ მხოლოდ იმიტომ ვერ ჩავერთვებით საქმეში, რომ ალტერნატიული გამოძიება ვაწარმოოთ. ჩვენ ჩავერთვებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე ფიქრობს, რომ მისი საპროცესო უფლებები არ არის დაცული და გამოძიება არაეფექტიანად მიმდინარეობს. ამიტომ, ჩვენ გვინდა, შევხვდეთ ყველა მხარეს, თუ გააჟღერებენ, რომ არის საკითხები და სჭირდებათ ადამიანის უფლებების დაცვით ჩვენი ჩართულობა, ჩავერთვებით“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება უკვე ოთხი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.