გია ვოლსკი: ფაქტია, რომ კეზერაშვილი გამდიდრდა მას შემდეგ, რაც საქართველოს სისხლიანი ჭრილობები მიაყენეს, ხალხი დაიხოცა და ადამიანები ბრძოლის ველზე მიატოვეს
“მას შემდეგ, რაც საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებული იქნა, თავდაცვის მინისტრი მოგვევლინა, როგორც მსოფლიოში ერთერთი შეძლებული ადამიანი”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ისრაელის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ისრაელის პროკურატურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავის, მიხაელ ბენიმინისა და მისი სამი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ ბრალის წარდგენას გეგმავს.
„პარლამენტში ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოხსენება, სადაც ისაუბრა ათეულობით მილიონი დოლარის ნაძარცვზე, რომელიც საქართველოს ჯარს მიადგა. თემა, რაზედაც გამოძიება მიმდინარეობს, სწორედ იმ პერიოდს ეხება, როცა მზადდებოდა და მოხდა მზაკვრული თავდასხმა საქართველოზე, მისი ტერიტორიების ოკუპაცია. საუბარია სწორედ ამ პერიოდზე. მეორე მხრივ, საუბარია იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებული იქნა, თავდაცვის მინისტრი მოგვევლინა, როგორც მსოფლიოში ერთერთი შეძლებული ადამიანი, რომელმაც დააფუძნა ტელევიზია და ეძებს ბიძინა ივანიშვილის ქონების წარმომავლობას. ეს არის ფაქტი და ამასთან დაკავშირებით ჩემი შეფასება ზედმეტია, მაგრამ საზოგადოება ხედავს, რა ხდება. მიმდინარე გამოძიების შედეგებს წინასწარ ვერ გავთლით, სასამართლო მიმდინარეობს, ისრაელი დემოკრატიული სახელმწიფოა და ვნახოთ, შედეგები რა იქნება. მას შემდეგ, რაც საქართველოს სისხლიანი ჭრილობები მიაყენეს, ხალხი დაიხოცა, ადამიანები ბრძოლის ველზე მიატოვეს, მას შემდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრი გამდიდრებულია. თუ მანამდე იყო გამდიდრებული, თქვას, მაგრამ ფაქტი ეს არის და ამას უნდა გავუსწოროთ თვალი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.