“ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ყოველ ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება მოქალაქეების მგზავრობის პირობები და უსაფრთხო ქვეყნების სიები”
“დღეს ჩვენ განვიხილავთ ერთერთ მნიშვნელოვან საკითხს – რამდენიმე ქვეყნის აეროპორტს ამოვიღებთ ნოტამის გავრცელების არეალიდან, რაც ნიშნავს შეზღუდვებს საერთაშორისო ფრენებზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„სანამ ეს მოხდება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე ქართული ავიაკომპანია, ისევე, როგორც ჩვენი უცხოელი პარტნიორი ავიაკომპანიები განაახლებენ ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივ გამოყვანას სხვადასხვა დედაქალაქიდან, რაც არის ერთმნიშვნელოვნად სოციალური პროექტი, ჩვენი ქვეყნის მთავრობის ვალდებულება და ეს პროგრამა გაგრძელდება მანამ, სანამ ამაზე იქნება მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რასაც აფიქსირებს ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, შეთანხმების შესაბამისად, ყოველ ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება როგორც მოქალაქეების მგზავრობის პირობები, ასევე, უსაფრთხო ქვეყნების სიები. ეს არის ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობა, პანდემიის გლობალურად გავრცელებასთან ბრძოლის თვალსაზრისით”, – განაცხდა გიორგი გახარიამ.