ირაკლი მეზურნიშვილი: საქართველო არის წარმატებული ქვეყანა და ეს აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ
„საქართველო არის წარმატებული ქვეყანა და ეს არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ამაზე ნათლად მეტყველებს ის ფაქტიც, რომ სულ რამდენიმე ხნის წინ ჩვენი ქვეყანა შევიდა ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაში, რომლებსაც მისცეს უფლება, რომ გაეხსნათ საზღვრები ევროკავშირის ქვეყნებისთვის და ეს ძალიან დიდი მონაპოვარია”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი საქართველოს მხრიდან 5 სახელმწიფოსთან საზღვრის უპირობოდ გახსნის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას.
„ყველა გადაწყვეტილება, რომელიც არის მიღებული, პირდაპირ არის ასახული და პირდაპირ იცავს ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს და მაქსიმალურად იქნება კონტროლქვეშ. მთავრობამ თითოეული გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო, მიიღო ჩვენს ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემია აქტიურ ფაზაშია და ეს სიტუაცია ყოველ წუთს შეიძლება, შეიცვალოს, როგორც იცვლება სხვადასხვა ქვეყანაში ტოტალურად და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის წარმატება და ის შესაძლებლობა, რაც დღეს გვაქვს კოვიდთან დაკავშირებით, ჩვენი სწორი ნაბიჯების შედეგად მიღწეული, არ ჩამოგვეშალოს და ამიტომ ხელის მართვით რეჟიმში, ყოველდღიურად არის სხვადასხვა გადაწყვეტილება მიღებული და ფრენებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რაც დღეს მიიღო საკოორდინაციო საბჭომ, რომ ჩვენ იმ ქვეყნებთან გავხსნათ მიმოსვლა, რომელთანაც ყველაზე ნაკლებად არის რისკფაქტორები, დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე”, -განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულებით გრძელდება მუშაობა სხვა ქვეყნებთან.