წალენჯიხის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა ტარდება
სურსათის ეროვნული სააგენტო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს ახორციელებს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით 840 ჰექტარი უკვე დამუშავდა.
როგორც “კვირას” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მონიტორინგის შედეგად, ფახულანის, ჭალესა და მუჟავას ტერიტორიებზე მავნებლის შედარებით დიდი რაოდენობით კონცენტრაცია დაფიქსირდა, ამიტომ წამლობა სწორედ აღნიშნული სოფლებიდან დაიწყო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიულ ერთეულებშიც ეტაპორივად გაგრძელდება.
“უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, აგრეთვე, ფუტკრის დაცვის მიზნით, ღონისძიებები ღამის საათებში რეკომენდაციების სრული დაცვით ტარდება და მეფუტკრეებთან კოორდინებულად იგეგმება.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში ფუნქციონირებს სმს გზავნილების სისტემა, რომლის მეშვეობითაც დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის წინასწარ ეცნობება. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა”, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.