გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14.4 კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, გრუნტის სტაბილიზაციის სამუშაოები ხორციელდება და ქვის სვეტებისა და სადრენაჟო ფითილების მოწყობა მიმდინარეობს.
“პროექტი 4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისიწინებს.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი მონაკვეთის, გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.
აღნიშნული პროექტი გააერთიანებს მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს შავი ზღვის საკურორტო ზონაში და სამტრედიიდან-ჭოროხამდე, ჯამურად, 110 კმ-დე ახალი გზა საშუალებას მოგვცემს, საკურორტე ზონების გვერდის ავლით ჩქაროსნული გზით ვიმგზავროთ, რაც ქვეყნისა და რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია როგორც სატრანზიტო გადაზიდვების, ასევე, ტურიზმის განვითარებისა და ტურისტულ ზონაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის”, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა სრულად უზრუნველყოფს მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობას, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობასა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლას.
პროექტის ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოების დასრულება 2021 წელს არის დაგეგმილი.