„ეს არის ტყუილი და ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავს ტყუილზე და დეზინფორმაციაზე ცდილობენ თავის წინასაარჩევნო კამპანიის აგებას, ამას მეტს ვერაფერს დავარქმევ. კონგრესს არაფერი გაუყინავს, არც დოკუმენტი მიუღია და არანაირი ცვლილებები დოკუმენტში არ შეუტანია. ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თითოს აშშ-ს კონგრესმა საქართველოს დახმარების ნაწილი გაუყინა.
“ერთადერთი რასაც მსგავსი ინფორმაციის გავრცელება შეიძლება უკავშირდებოდეს, ან არაპროფესიონალიზმია და უნარი ვერ წაიკითხო ის, რა ინფორმაციაც მოდი ამერიკიდან ან მეორე- მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია, რომლითაც ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა.
ამიტომ, ეს განხორციელებული ქმედება, რომ უბრალოდ კანონპროექტი დაინიცირდა, ჩვენთან იქნა „გაყიდული” და გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს კონგრესმა მიიღო რაღაც გადაწყვეტილება, რაც მართლა ღიმილის მომგვრელია. ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს, ძალიან კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. ეს არის ერთ-ორსაათიანი აჟიოტაჟის ატეხვის მცდელობა იმ ფაქტზე, რომელიც არ მომხდარა. მაგრამ ყველაზე საწყენი ის არის, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება ერთადერთი ვისაც ხელს აძლევს და ვის ინტერესებშიც არის, ეს არის ჩვენი ჩრდილოელი ოკუპანტი და სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები ზუსტად ამ ნარატივს იმეორებენ და სიხარულით იღებენ იმ ფაქტს, რომ საქართველოს, თურმე, რაღაც სანქციები დაუწესდა, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ არის ტყუილი. კონგრესს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია და ამაზე საუბარი სასაცილოც კი არის, რადგან ელემენტარული ინგლისური თუ იცი, შეგიძლია წაიკითხო და გაერკვე, რომ ეს არის ერთ-ერთი კომიტეტის ერთ-ერთ ქვეკომიტეტში დაინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან დიდი დრო დასჭირდება, რომ მივიდეს ფართო განხილვამდე, მათ შორის, კონგრესის პლენარულ სესიამდე”, – აღნიშნა კახა კუჭავამ.
მისივე თქმით, ადგილი აქვს რამდენიმე კონგრესმენის მცდელობას, რომ ეს ცვლილებები აისახოს დოკუმენტში, თუმცა აქ საუბარია იმ დოკუმენტზე, რომელშიც ზუსტად „ქართული ოცნების” პერიოდში გაჩნდა ისეთი მხარდამჭერი ჩანაწერები, რომელიც ადრე არ ყოფილა.
„რა თქმა უნდა, ალოგიკური იქნებოდა უცებ კონგრესს რამე გადაწყვეტილება მიეღო. კონგრესი ასე მარტივად გადაწყვეტილებებს არ იღებს. ამას წინ ძალიან დიდი პროცესები უწევს – პროცედურული ნაწილი, განხილვები. ეს არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ფიზიკურად ვერ მოესწრება, რომ ახლო მომავალში იქნას განხილული. ამას, სჭირდება დრო, თუმცა ის, რომ რამდენიმე კონგრესმენი არის აგრესიული ლობიზმის შედეგად ჩვენი ხელისუფლების წინაააღმდეგ განწყობილი, ეს დასამალი არ არის და გვესმის კიდეც, მათ შორის ერთ-ერთი კონგრესმენის ბოლოდროინდელი ჩართვა ოპოზიციურ ტელეარხზე ძალიან კარგად მეტყველებს ამაზე. თუმცა ამერიკელი პარტნიორების შეფასებით, არასდროს ყოფილა ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობა ისეთ მაღალ დონეზე, როგორც ახლაა და ეს ასეც გაგრძელდება და ჩვენს მტერს, ვისაც უხარია, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუარესდეს ან დაიძაბოს ამ სიამოვნებას ნამდვილად ვერ მიიღებს”, – აღნიშნა კახა კუჭავამ.