შოთა ხაბარელი: ვხედავთ, რომ შეტევა ხდება სპორტსმენებზე, არ უნდა გავაიგივოთ ყველასთან რამდენიმე სპორტსმენის მიერ დანაშაულის ჩადენა
“მინდა, გიორგი შაქარაშვილის ოჯახსა და ახლობლებს მივუსამძიმრო. ნამდვილად ცუდი ამბავი მოხდა, მაგრამ ის შეფასება, რასაც ვისმენთ, არანაირად ესადაგება იმ ქართველი სპორტსმენების დიდ წარმატებას, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას არაერთხელ გაუთქვეს სახელი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა, შოთა ხაბარელმა განაცხადა.
ხაბარელის თქმითვე, ძალადობა მიუღებელია.
„პირველ ყოვლისა, მინდა, გიორგი შაქარაშვილის ოჯახსა და ახლობლებს მივუსამძიმრო. ნამდვილად ცუდი ამბავი მოხდა, მაგრამ ის შეფასება, რასაც ვისმენთ, არანაირად ესადაგება იმ ქართველი სპორტსმენების დიდ წარმატებას, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას არაერთხელ გაუთქვეს სახელი. მინდა, მაგალითისთვის 2019 წელს ჩვენი სპორტსმენების შედეგები მოგიყვანოთ. ჩვენი სპორტსმენების მხრიდან 1200 მედალია მოპოვებული. წარმოიდგინეთ, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან 1200-ჯერ აიწია საქართველოს დროშა, ეს ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთხელ გაცნობაა მსოფლიოსთვის. საქართველოში ვხედავთ, რომ შეტევა ხდება სპორტსმენებზე, იმ ადამიანებზე, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ასეთი ცნობადი გახადეს. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ მიმართული დისკრედიტაციაა ჩვენი გამოჩენილი სპორტსმენების მიმართ და, ასევე, მომავალი თაობისთვის ძალიან ცუდი მაგალითია. როდესაც გამოჩენილ სპორტსმენებს პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები უწოდებენ „კუნთმაგარსა“ და „გონებაჩლუნგს“, კიდევ არ ვიცი, რანაირი ეპითეტებით მოიხსენებენ, ეს მომავალ თაობაზე უარყოფითად მოქმედებს. ისინი ფიქრობენ, როგორ შეიძლება, ჩვენ მომავალში წარმატებული სპორტსმენები ვიყოთ, როდესაც ადამიანები ასეთი ეპითეტებით მოგვიხსენიებენ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მიუღებელია. გაიხსენოს ქართველმა ხალხმა და საზოგადოებამ, როგორი შეტევა იყო იგივე ტალახაძეზე, რომელიც მსოფლიოში ერთერთი წარმატებული სპორტსმენია და არა მხოლოდ ტალახაძე, უამრავი სხვა სპორტსმენი, რომელმაც ქვეყანა ასახელა და არანაირი კავშირი არ აქვთ ისეთ ეპითეტებთან, რასაც ჰქვია “კრიმინალი” და “დამნაშავეთა ქმედება”.
ამიტომ, მოვუწოდებდი იმ ადამიანებს, ვინც ასე მოიხსენიებენ ქართველ სპორტსმენებს, თავი შეიკავონ, რადგან ჩვენ სპორტსმენებს ქვეყანა უყვართ და მათ ეს არაერთხელ დაუმტკიცებიათ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალადობა მიუღებელია. სამწუხაროდ, გვხვდება ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც მართლა კრიმინალია, მაგრამ არ უნდა გავაიგივოთ ყველასთან რამდენიმე სპორტსმენის მიერ ასეთი დანაშაულის ჩადენა. ვემიჯნებით ამ დამოკიდებულებას“, – განაცხადა ხაბარელმა.