თენგიზ ცერცვაძე: გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, თუ რამდენად უსაფრთხოა ის ქვეყანა, რომელთანაც უნდა გავხსნათ საზღვრები

“ზოგიერთი თვლის, რომ რადგან ჩვენ ეკონომიკურად ძალიან ძლიერები არ ვართ, თუკი ვინმე მოისურვებს, რომ ჩვენთან გახსნას საზღვრები და აღადგინოს ბიზნესი, ყველას უნდა გავუღოთ კარი, ეს ასე არ არის”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია არამხოლოდ ის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, არამედ ის თუ რამდენად უსაფრთხოა ის ქვეყანა, რომელთანაც საზღვრები უნდა გაიხსნას.

,,მსოფლიოში კოვიდინფიცირებულების რაოდენობა არათუ იკლებს, არამედ იმატებს. იცით, რომ საქართველო პრაქტიკულად ყველა მაჩვენებლით ევროპაში საუკეთესოა, მას ჰყავს ყველაზე ნაკლები კოვიდინფიცირებული 1 მილიონზე გადაანგარიშებით და ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი. საქართველო მსოფლიოში 123-ე ადგილზეა ახალი შემთხვევების მხრივ, მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სიტუაცია გვაქვს. ამის შედეგი იყო ის, რომ ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა უსაფრთხო ზონაში და მიეცა რეკომენდაცია საქართველოსთან გახსნან მიმოსვლა და საზღვრები. თუმცა, ეს ცალსახად არ უნდა გავიგოთ, რომ რახან 15 ქვეყნის ჩამონათვალში შეგვიყვანეს ყველასთან საზღვრები გავხსნათ, უნდა ხდებოდეს ინდივიდუალური მოლაპარაკება. გასათვალისწინებელია, არამხოლოდ ის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, არამედ რამდენად უსაფრთხოა ის ქვეყანა, რომელთანაც უნდა გავხსნათ საზღვრები.

ზოგიერთი თვლის, რომ რადგან ჩვენ ეკონომიკურად ძალიან ძლიერები არ ვართ თუკი ვინმე მოისურვებს, რომ ჩვენთან გახსნას საზღვრები და აღადგინოს ბიზნესი ყველას უნდა გავუღოთ კარი, ეს ასე არ არის. კარის გაღების დროს უპირველეს ყოვლისა უნდა ვისარგებლოთ საქართველოს ინტერესებით, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ამას სჭირდება შენარჩუნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები