ამირან სალუქვაძე: ნეტა სანამ გაგრძელდება ამ ტრაგედიის ჯიჯგნა, თქვენთვის არც ტრაგედია არსებობს, არც ვინმეს ტკივილი, არც პროფესიული კოდექსი, არც არასრულწლოვნების საკითხის მიმართ სიფაქიზე
“კვირაზე მეტია ყველა საინფორმაციო ამ ამბით იწყება, დაზარალებულისგან დამნაშავის ხატს ქმნით. თქვენთვის არც ტრაგედია არსებობს, არც ვინმეს ტკივილი, არც რაიმე ზღვარი, არც პროფესიული კოდექსი, არც არასრულწლოვნების საკითხის მიმართ სიფაქიზე”,- ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
“ნეტა სანამ გაგრძელდება ამ ტრაგედიის ჯიჯგნა?
კვირაზე მეტია ყველა საინფორმაციო ამ ამბით იწყება, ყველა თოქ-შოუს წამყვანი თემაა…
თქვენთვის არც ტრაგედია არსებობს, არც ვინმეს ტკივილი, არც რაიმე ზღვარი, არც პროფესიული კოდექსი, არც არასრულწლოვნების საკითხის მიმართ სიფაქიზე…
მთავარი მიზანია ვინმეს მიაბათ, მიაწებოთ, გააპოლიტიზიროთ, კუდები გამოუსკვნათ, ხალხი გააღიზიანოთ…
ჯერ იყო ბერასთან გსურდათ მიწებება. არ მიეწება. ახლა ნინო გიორგობიანი ამოარჩიეთ სამიზნედ. განა სიმართლის გარკვევა სცადეთ?! მთავარია მიაწებოთ.
თუ ვერ მიეწებება, ეს არაა მთავარი. მთავარია ხალხის მეხსიერებაში 25-ე კადრივით ჩააწვეთოთ.
ბერა და ნინო გაუძლებენ, არ არიან ჩვილები, მაგრამ ახალგაზრდები? 17-18 წლის ახალგაზრდებს მთელი მედია რომ თავს ესხმის, არაა ყველასათვის მარტივი გადასატანი.
იცით რომ თქვენი სიუჟეტების და სტატიების შემდეგ ადამიანებს, თქვენი ჟარგონი რომ გამოვიყენო, სოციალურ ქსელში აბულინგებენ?
დაზარალებულისგან დამნაშავის ხატს ქმნით.
აქაურ მედიაზე რა ვილაპარაკო, როცა ქართულენოვანი ევროპული სააგენტო, რომელსაც, როგორც სტანდარტს, სხვები უნდა უტოლდებოდნენ, თავად წერს მიზანმიმართულ აბრაკადაბრას, თითქოს ფოტოგრაფმა 3 განსხვავებული ჩვენება მისცა.
მთელი განსხვავებები ისაა, რომ ერთში ამბობს გავაუქმე გამიძახებაო, მეორეში არა, მესამეში პოლიციას ყველაფერი მოუყვა. და ამით რა იცვლება, ან რა სერიოზული წინააღმდეგობებია?! პოლიცია არ გამოიძახა, რაიმე იცის და არ ამბობს, თუ რა?! გაარკვიეთ რა მოუყვა პოლიციას?
ან საიდან დაასკვენით, რომ რაიმე წაშალა? ან რისი გადაღება უნდა მოესწრო 15 წუთის განმავლობაში? გამომძიებლის პატაკი კარგად წაიკითხეთ? სად წერია რაიმე წაშალაო გამომძიებელი წერს, ისეთი შინაარსის პატაკს, რათა ამოღების სანქცია გაიცეს. თუმცა, თქვენ სხვაგვარად ხართ მიჩვეულნი.
სააგენტო წერს 2198 მოქმედი და 1700 წაშლილი ფაილი აღადგინა პოლიციამო. ნებისმიერ მეხსიერების ბარათზე არის როგორც მოქმედი, ასევე წაშლილი მედია თუ სხვა მასალები.
მაგრამ სიმართლეს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია “დააბულინგოთ”, მთავარია 25-ე კადრის ეფექტი…
საინფორმაციო ტერორს უწყობთ არა მხოლოდ ამ ახალგაზრდას, არამედ მთელ მის ოჯახს. მოიკითხეთ ვინმემ ვინაა, რას წარმოადგენს, სად გაიზარდა?! ეს ისე…
თქვენ არ დაინდეთ არც გარდაცვლილის ბიძა, არც არასრულწლოვანი იუბილარი, რომლებიც ასევე “დააბულინგეთ” და დაადანაშაულეთ.
ან ამ შემთხვევის ადგილას რომ დარბიხართ კამერებით და მარშრუტს გვაზეპირებინებთ, ახალს რას გვეუბნებით?
ატრიალებთ გამოძიების მიერ ამოღებულ და მათ მიერ დამუშავებულ (პირების დადგენა, ინიციალებით მონიშვნა და სხვა) ვიდეოებს და ყველა ტელევიზია იბრალებს: “ჩვენს მიერ მოპოვებული იქნა მასალები…” მაყურებელს ჰგონია მართლა თქვენ მოიპოვეთ.
ან რა მიზანი აქვს უბნელებად დაყოფას, “საბურთალოელები”, “ნაძალადეველები”?!
დაღუპულის ოჯახზე ფიქრობთ, როცა აანონსებთ “სიახლეებს” და სინამდვილეში ახალს არაფერს ეუბნებით?
ან რატომ გიკვირთ დაკავებულთა განსხვავებული ჩვენებები? ერთია როცა დაკავებისას დაწერა, მეორეა, როცა გამომძიებელი მორიგ დაკითხვას უწყობს სხვა ჩვენებების ან მოპოვებული მასალების საფუძველზე. კიდევ ბევრმა შეიძლება შეცვალოს…
ხომ იცით, რომ ჩანთის დნმ-ც გაკეთდება, მალე ცხედრის ექსპერტიზაც დასრულდება და გამოძიებას სხვა სურათი ექნება?! მოითმინეთ ცოტა. ნუ ფიქრობთ, რომ ოჯახზე, ან საზოგადოებაზე მეტად გაინტერესებთ სიმართლის დადგენა.
ხომ ყველამ იცით, რომ ექსპერტიზის შედეგებს ელოდება ყველა. ისიც იცით, რომ გამოძიება ინტენსიურად მუშაობს?! რომ არ მუშაობდნენ საიდან გექნებოდათ ეს დამუშავებული ვიდეოები, ზარების ამონაწერები, ჩვენებები?!
ცალკე თემაა საგამოძიებო მასალების მედიისთვის გადაცემა.
იქნებ ფიქრობთ, რომ ასეთი საქმის გამოძიება ექსპერტიზების დასრულებამდეა შესაძლებელი? ან ფიქრობთ, რომ თუ ვინმემ მკვლელობა ჩაიდინა, თავისით აღიარებენ, სანამ მტკიცებულებებს არ დაულაგებენ წინ? ან ფიქრობთ, რომ ვინმე თანამონაწილეობას აღიარებს?
არის მეორე გზა, ჭაკუა დავაბრუნოთ ციხეში და შევუშვათ დაკავებულებთან. ერთ საათში “გამოიძიებს”.
ატყობთ, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებთ სხვის ტრაგედიებს, აზიანებთ ადამიანების ფსიქიკას, აყენებთ მათ მორალურ, ფსიქოლოგიურ ტრამვებს?!
ტყუილად ვწერ, როგორც ყოველთვის, თქვენზე ეს არ მოქმედებს”,- წერს სალუქვაძე.