“პომპეოს, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობის განცხადებებში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა, რაც შეიძლება, ოპოზიციამ მიიღოს”
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადება შეაფასა.
ვოლსკის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ არის გამოხატული, განსაკუთრებით, სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.
„საარჩევნო რეფორმა მიღებულია. მისი განცხადება ისე გავიგე, რომ ყველა პარტია უნდა იყოს ამაში ჩართული და არ უნდა იყოს სულელური განცხადებები იმის თაობაზე, რომ მართალია, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ, მაგრამ მათი ზეწოლა განაპირობებს უკეთეს საარჩევნო კოდექსს. ეს არის შეუსაბამო იმ რეალობასთან, რაც დღეს ჩვენ გვაქვს. პომპეოს განცხადებაში, ისევე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის განცხადებებში, ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ მონაწილეობის არ მიღება ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა, რაც შეიძლება, ოპოზიციამ მიიღოს. ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ არის გამოყოფილი, განსაკუთრებით, უკვე სახელმწიფო მდივნის განცხადებაში. მისასალმებელი, სასიხარულოა და ძალიან კარგი მესიჯია მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას გამოეხმაურა – „ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ მიღებულ კონსტიტუციურ რეფორმას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, რომ პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას, ქართველი ოფიციალური პირების დაპირებას საარჩევნო რეფორმის შესრულებასთან დაკავშირებით”.