საცხოვრებელი ფართები კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 102 ოჯახს გადაეცემა

“კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით, დიდი დიღმის მესამე და მეოთხე მიკრორაიონებში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ინტერესთა გამოხატვა დასრულდა”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
​მისი თქმით, გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელიც იღებს ვალდებულებას, აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო პროექტები განახორციელოს და განსაზღვრული თეთრი კარკასის ფართები, ჯამურად, 102 დაზარალებულ ოჯახს გადასცეს.
თბილისის მერის განცხადებით, საცხოვრებელი ფართების მიღების მომლოდინე ოჯახების რიგითობა სოციალური ქულების მიხედვით განისაზღვრება. დაზარალებულები თავიანთი სოციალური მდგომარეობის შეფასებას ჯანდაცვის სამინისტროში შეძლებენ.
„კოოპერატიული მშენებლობით 3 000-ზე მეტი ოჯახი დაზარალებულად არის ცნობილი. ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც მათ დანაპირებს შეუსრულებს. ვმუშაობთ იმისთვის, რომ კონკრეტული ტერიტორიები რაც შეიძლება სწრაფად გამოიყოს, გამოცხადდეს ინტერესთა გამოხატვა, რომ გვყავდეს გამარჯვებული კომპანიები, რომელიც დაზარალებულებისთვის განკუთვნილ ფართებს ააშენებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირთა ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, განხორციელებული სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, 2017 წლის ნოემბრიდან 2020 წლის ივნისის მონაცემებით, ჯამურად, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის 610 წევრი და მათი უფლებამონაცვლე პირი.
​კოოპერატიული ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, ზემოაღნიშნულ პერიოდში, ჯამურად, განიკარგა 18 ერთეული უძრავი ქონება/მიწის ნაკვეთი; სანებართვო ეტაპზე – 8, ხოლო მშენებლობის ეტაპზე – 4 პროექტია; ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა 12 პროექტზე; 5 პროექტზე მიმდინარეობს ფართებით დასაკმაყოფილებელ პირთა დოკუმენტაციის დამუშავება; 2020-2021 წელს მიმდინარე პროექტების ფარგლებში, ფართებით დამატებით, დაახლოებით, 700 პირი დაკმაყოფილდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები