მარიამ ჯაში: დღეს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ნიშნავს, რომ საქართველოში მომავალი პარლამენტი უფრო წარმომადგენლობითი იქნება

“საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება საქართველოსთვის თავისუფლებისა და დემოკრატიის განმტკიცების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია”, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამით საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე იმიჯის დაზიანება თავიდან აიცილა.

“მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური პარტია ან ჯგუფი მონაწილეობდა ამ პროცესში ან ემიჯნებოდა, ეს საერთო გამარჯვებაა. ეს არის საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი თავისუფლებისა და დემოკრატიის განმტკიცების გზაზე და, რაც მთავარია, ჩვენ თავიდან ავიცილეთ საქართველოს იმიჯის შეუქცევადი დაზიანება საერთაშორისო ასპარეზზე. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს სახელმწიფოს ინტერესები უნდა იყოს ამოსავალი. მიხარია, რომ სწორედ იმ დეპუტატებმა, რომლებმაც დავტოვეთ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის გამო და ასევე იმ დეპუტატებმა, რომლებმაც სამართლიანი სასამართლოს გამო დატოვეს “ქართული ოცნება”, შევქმენით გარანტიები, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ბოლომდე გასულიყო. დღეს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ნიშნავს, რომ საქართველოში მომავალი პარლამენტი იქნება უფრო წარმომადგენლობითი, უფრო სახალხო, რეალურად, ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოების ინტერესების გამტარებელი და მრავალფეროვანი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებასა და ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო სწრაფ პროგრესს. სამწუხაროდ, თვეები დაიკარგა იმ ცვლილებებზე, რომლებიც 14 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო და არცერთი დღის დაკარგვა აღარ შეიძლება, რომ ჩვენ არ გადავერთოთ მთლიანად ყოველდღიურ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია”, – განმარტა ჯაშმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები