“პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც „ლეიბორისტულ პარტიასთან“ ერთობაში არიან, ნათელაშვილის ხეპრული განცხადებები არ უარყვიათ, თანამედროვე გერმანიის ფაშისტურ გერმანიასთან გაიგივება სკანდალური თემაა”
“თანამედროვე გერმანიის გაიგივება ფაშისტურ გერმანიასთან სკანდალური თემაა, ასეთი ხეპრული განცხადების უარყოფა არ გაუკეთებიათ ჩვენს ოპონენტ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დღეს „ლეიბორისტულ პარტიასთან“ ერთობაში არიან”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას.
მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები ქვეყნის ავტორიტეტს ჩრდილს აყენებს.
„დიპლომატიური ეტიკეტია, როცა რომელიმე პოლიტიკური ლიდერი ისეთ განცხადებას გააკეთებს, რაც მან თქვა. თუნდაც ომის დაწყებაზე, გერმანია თუ გაქვთ მხედველობაში, რასაკვირველია, საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, ხაზი გაუსვას, რომ ეს არ არის პოზიცია, რომელსაც იზიარებენ სხვა პოლიტიკური პარტიები. თუმცა ასეთი ხეპრული განცხადების უარყოფა არ გაუკეთებიათ ჩვენ ოპონენტ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არიან დღეს „ლეიბორისტულ პარტიასთან“ ერთობაში. მარტო ელჩზე არ არის ლაპარაკი, აქ საუბარი იყო იმაზე, რატომ უწყებდა ომს რუსეთს, თუკი ესოდენ დიდი სიყვარული ჰქონდათ.
თანამედროვე გერმანიის გაიგივება ფაშისტურ გერმანიასთან არის სკანდალური თემა, რომელიც არ ვიცი, როგორ შეიძლება, ჩვენ შევაფასოთ ან ამ თემასთან დაკავშირებით როგორი კომენტარი გავაკეთოთ. რაც შეეხება ელჩს – ელჩი სახელმწიფოს წარმოადგენს და არანაირი არაობიექტურობა ამ ადამიანს არ გამოუჩენია.
ეს ადამიანი ერთერთი ან ერთადერთია, რომელიც თავის ნებაზე ლაპარაკობს, მის უკან სახელმწიფოა. ეს სახელმწიფო საკმაოდ ინტენსიურად და საკმაოდ მძლავრად, პოლიტიკურად და ფინანსურად ეხმარება საქართველოს, ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. ეს განცხადებები შიდა პოლიტიკური გამოყენებისთვის არის საჭირო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ავტორიტეტს საკმაოდ ჩრდილს აყენებს მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ჩრდილმიყენებულები ადამიანები აკეთებენ განცხადებებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა – „გერმანიის ელჩი ფინანსდება ივანიშვილის რეჟიმისგან. მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი“.