გიორგი ფოფხაძე: სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მივმართავ 

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე ამბობს, რომ ბარბაქაძე ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის განმარტებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია.

მისივე თქმით, ის აპირებს სასამართოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლაზე შუამდგომლობით მიმართოს.

“გუშინ გვიანობამდე ველოდებოდი საქმის მასალების გადმოცემას, რომელიც ძალიან გვიან გადმოგვცეს. ღამის 01:00სთ-ზე დამიკავშირდნენ და თურმე კიდევ რაღაც ნაწილი იყო დარჩენილი. გვთხოვეს, რომ 9-ის ნახევარზე მივსულიყავით, თუმცა ვერანაირად ვერ შევძლებდით. მთელი ღამის მანძილზე მუშაობა მომიწია. ასეთი რამ არ გამიგია, აღკვეთის ღონისძიება 10-ის ნახევარზე ჩაინიშნოს და დოკუმენტები ღამის 01:00 სთ-ზე გადმოგვცენ, ისიც არასრულყოფილი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ ცნობს. შუამდგომლობით მივმართავ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, ჯგუფურ ძალადობაზეა საუბარი. იმედი მაქვს, რომ სასამართლო საქმეს სამართლის პრინციპიდან მიუდგება და არა აჟიტირებული საქმიდან გამომდინარე. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არ ჩანს, არავითარ ძალადობაში, მით უმეტეს, ჯგუფურში მას მონაწილეობა არ მიუღია”, – აცხადებს გიორგი ფოფხაძე.

საქართველოს პროკურატურამ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17 პირს ბრალი ოფიციალურად გუშინ – 27 ივნისს წარუდგინა. ყველა მათგანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მათ ბრალი ჯგუფურ ძალადობასა და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში ედებათ.

ცნობისთვის, 17 პირი შსს-მ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის გარემოებების დასადგენად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 26 ივნისს დააკავა. 19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, 19 ივნისს გაუჩინარდა. 4 დღის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები