არჩილ ბერიანიძე: ვახტანგ ჩიქოვანი და ნიკა ჟვანია კატეგორიულად გამორიცხავენ იმ ქმედების განხორციელებას, რომელიც ბრალშია მითითებული

ფეხბურთელი გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატი არჩილ ბერიანიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები უდანაშაულოები არიან.

ადვოკატმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე განუცხადა, რომ საქმეში ყველა მტკიცებულება ცალსახად მიუთითებს, რომ ვახტანგ ჩიქოვანი დაზარალებულია და მასზე ძალადობა განხორციელდა.

“საქმის მასალები საკმაოდ მოცულობითი იყო. ერთი გარემოება მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეული მასალები დღეს დილით, დაახლოებით 09:00 საათისთვის მივიღეთ. გუშინ, დღის მეორე ნახევარში 10 ტომი საქმის მასალა გადმოგვეცა. საქმის მასალებს მთელი ღამის განმავლობაში ვეცნობოდით. ბრალთან მიმართებით ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით ბრალად წარდგენილ ქმედებას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ვახტანგ ჩიქოვანი და ნიკა ჟვანია კატეგორიულად გამორიცხავენ იმ ქმედების განხორციელებას, რომელიც ბრალშია მითითებული. ვიდეომასალები ცოტა ხნის წინ გადმოგვეცა, ფიზიკურად ვერ ხერხდებოდა ვიდეომასალების ჩვენთვის გადმოცემა. რაც შეეხება მატერიალური სახით საქმის მასალების გაცნობას, გუშინ საღამოს გადმოგვეცა. საჯაროდ გავრცელებულ ვიდეომასალაზე აბსოლუტურად არაფერი ღირებული არ ჩანს. იქ ჩემი დაცვის მყოფი ვერცერთი ვერ დავინახე. საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ვახტანგ ჩიქოვანის მიერ ბრალად წარდგენილ ქმედებას დაადასტურებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, პირიქით,საქმეში ყველა მტკიცებულება ცალსახად უთითებს იმას, რომ ვახტანგ ჩიქოვანი არის დაზარალებული და მასზე ძალადობა განხორციელდა. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ის უდანაშაულოა და მასზე ძალადობა განხორციელდა”, – თქვა არჩილ ბერიანიძემ.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 17 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მცხეთის სასამართლო მსხჯელობს. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება.

პროკურატურამ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17 პირს ბრალი ოფიციალურად გუშინ – 27 ივნისს წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მათ ბრალი ჯგუფურ ძალადობასა და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში ედებათ.

ცნობისთვის, 17 პირი შსს-მ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის გარემოებების დასადგენად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 26 ივნისს დააკავა. 19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, 19 ივნისს გაუჩინარდა. 4 დღის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები