გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ მორაგბეს არჩილ გაგნიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ მორაგბეს არჩილ გაგნიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. როგორც თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ, სპორტსმენის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

“ის არ ეთანხმება დადგენილებაში მითითებულ გარემოებებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჩავიდა მცხეთაში, თუმცა, სულ სხვა მიზნით. მას არცერთ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება ამირხანაშვილს, მას თბილისში წამოყვანა შესთავაზეს და დიდუბეში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ჩამოსვეს”, – აცხადებს ნემსიწვერიძე.

ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლის ,,ბ“ და ”გ“ ქვეპუნქტებით დაკავებული არიან: ს.ჩ., ს.გ. და ი.წ.; სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ც., ლ.შ., გ.მ. და გ.ტ.; სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკავებულია ვ.ჩ; სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და ნ.ჟ.; 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით კი დაკავებული არიან: ვ.მ., ა.ქ., ა.გ., ნ.რ. და ზ.ხ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები