გიორგი გაჩეჩილაძე ოპოზიციაზე: გავრილოვის შემოყვანაზე კი არ უნდა ლაპარაკობდნენ, არამედ იმაზე, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის არმია იყო შემოსული საქართველოში
„ეს ის ხალხია, რომელიც გავრილოვის შემოყვანაზე კი არ უნდა ლაპარაკობდეს, არამედ იმაზე, რომ 2008 წელს, რვა აგვისტოს რუსეთის არმია იყო შემოსული საქართველოში, ახლა რუსული ბაზები რომ არის წამოჭიმული, რომელიც გაყვანილი იყო 1999 წლის ეუთო-ს სამიტის საფუძველზე და ახლა რუსებს იმ ბაზების რეანიმაცია რომ გააკეთებინეთ, უფრო ძლიერი, რაკეტული სისტემები დააყენებინეთ იქ რუსებს და მთელს რეგიონს საფრთხე რომ შეუქმენით”, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი გაჩეჩილაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერმინისტრის ყოველწლიურ ანგარიშს მოუსმინეს. დეპუტატი ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, ოპოზიციამ გავრილოვის პროვოკაციაზე წინასწარ შეთანხმებული აქციები მოაწყო და შეთანხმებულად მოქმედებდა.
„მერე მათმა ერთერთმა ლიდერმა პირდაპირ აღიარა, რომ იმიტომ გავაკეთეთ ეს ყველაფერი, სისხლი დაღვრილიყოო, ეს ჩვენი მოგონილი ხომ არ არის”, – აღნიშნა გიორგი გაჩეჩილაძემ.
რაც შეეხება საკითხებს, რითაც პარლამენტის წევრი დაინტერესდა – ისინი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო ტექნიკის გადმოცემასა და 2 აპრილს გამართულ ნატო-ს მინისტერიალს ეხებოდა.