არჩილ თალაკვაძე: ჩვენი მმართველობის პირობებში ქვეყანას აქვს მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა – საქართველო დასავლეთის საიმედო პარტნიორია
„საქართველოს ამ რვა წლის განმავლობაში აქვს სტაბილურობა და მშვიდობა, დაცულია ადამიანი, მისი ჯანმრთელობა და უფლებები, ევროკავშირსა და აშშ-სთან ურთიერთობებში გვაქვს ხელშესახები პროგრესი, ბიზნესი თავისუფალია, ქვეყანა კი არცერთ სამხედრო ავანტიურაზე არ წამოგებულა და თავისი წვლილი შეაქვს მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, „პოსTV”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პროპორციულად ყველაზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს ნატო-ს მისიებში და საიმედო პარტნიორია დასავლეთისთვის.
არჩილ თალაკვაძემ საქართველოს საგარეო კურსის შესახებ ისაუბრა და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებსაც გამოეხმაურა.
„პასუხები ნებისმიერ კრიტიკულ კითხვაზე თუ შეფასებაზე უნდა დავიწყოთ ჩვენი სიმართლის გააზრებით. უნდა გვესმოდეს, რა არის ჩვენი სიმართლე, რომ დისკუსიაში შევიდეთ ასეთ მნიშნელოვან საკითხებზე. პოლიტიკას აქვს თავისი კარდიოგრამა, პოლიტიკა არ არის სწორხაზოვანი მოცემულობა – არის დადებითი შეფასებები, არის კრიტიკა, არის მიღწევები და არის გამოწვევებიც. ეს არის პოლიტიკური რიტმი როგორც საგარეო, ისე – საშინაო მიმართულებით. არსებობს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებები და ოფიციალური განცხადებები, სადაც აშშ-ის მთავრობა საქართველოს პროგრესს დადებიტად აფასებს, სადაც საქართველოს ძლიერ და საიმედო პარტნიორად ასახელებს, სადაც აღიარებს საქართველოს წვლილს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო დემოკრატიას აძლიერებს და რეფორმებს ახორციელებს, ეს არის მოცემულობა. არსებობს აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერის აქტი, რომელიც მაღალი მხარდაჭერით იქნა მიღებული კონგრესში – ამ დოკუმენტში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დადებითად ფასდება და ჩვენს ქვეყანას აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი მხარდაჭერა. კიდევ არაერთი მხარდამჭერი რეზოლუცია და განცხადება გაკეთებულა აშშ-ის მხრიდან. საქართველო ამ არჩევნებსაც დემოკრატიულად ჩაატარებს და გამოიყენებს შესაძლებლობას, პარტნიორებს კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს, რომ დემოკრატიული, უსაფრთხო და საიმედო პარტნიორია”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.