აღდგება თუ არა სკოლებში საგაკვეთილო პროცესი – განათლების სამინისტრო რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს
საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის ინფორმაციით, უწყება სკოლებში საგაკვეთილო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.
„სწორედ ახლა ვართ პროცესში, როდესაც ვგეგმავთ, თუ რა ფორმით შევთავაზებთ მოსწავლეებს განათლებას. მაგრამ ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის, მოსწავლეები დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს და საკლასო ოთახში განახლდეს სასწავლო პროცესში.
ვერსია არის ძალიან ბევრი და ყველა სიტუაციიდან გამომდინარე უნდა ვიყოთ მზად, რომ განათლების ხელმისაწვდომობა უზრუნველვყოთ. ეს იქნება შერეული მოდელი თუ საგაკვეთილო პროცესი მთლიანად საკლასო ოთახში წარიმართება, ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან. ამ საკითხზე უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ბრიფინგის გამართვას და მივაწვდით ინფორმაციას იმ რეგულაციებზე, რასაც შევთავაზებთ ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. ეს არის პროცესი, როდესაც განათლების სამინისტრო დამოუკიდებლად არ ვმუშაობთ. ამ პროცესში ჩართულები არიან სკოლის ადმინისტრაცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჯანდაცვის სამინისტრო, როგორ დაიწყოს ახალი სასწავლო წელი“, – განაცხადა დგებუაძემ.