ნინო ლომჯარია: სისტემურ პრობლემად რჩება სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება
“სისტემურ პრობლემად რჩება სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტში 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
სახალხო დამცველის შეფასებით, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ან დასჯის პრევენციისა და გამოძიების თვალსაზრისით, შენარჩუნებულია პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ მოპყრობის გაუარესების ტენდენცია. ანგარიშში მოხვდა არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევებიც.
“სისტემურ პრობლემად რჩება სამართალდამცავთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება. სახალხო დამცველის მიერ 2013-2019 წლებში პროკურატურაში გაგზავნილი 107 წინადადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პასუხისმგებელი პირი არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ არასათანადო მოპყრობის საქმეთა ეფექტიანად გამოძიების პრობლემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის აქტიური მცდელობით დაიძლევა”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველი პარლამენტში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2019 წლის ანგარიშს წარადგენს.