სახალხო დამცველმა 2019 წელს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტები უარყოფითად შეაფასა

ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას სახალხო დამცველმა სიცოცხლის უფლების დაცვის თვალსაზრისით ნეგატიურ დინამიკაზე ისაუბრა და უარყოფითად შეაფასა 2019 წელს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტები.

ნინო ლომჯარიამ ასევე აღნიშნა, რომ სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტებზე წარმოებული გამოძიებები ვერ აკმაყოფილებდა ეფექტიანი გამოძიების სტანდარტს და გახმაურებულ, თემირლან მაჩალიკაშვილისა და ხორავას ქუჩის საქმეებს წელს ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე წარმოებული გამოძიებაც დაემატა, რომლის დაგვიანებით დაწყების გამო ვერ მოხერხდა საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოპოვება და სიმართლის დადგენა.

სახალხო დამცველმა სიცოცხლის უფლების ჭრილში შეაფასა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ბენეფიციართა სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის არასათანადო მკურნალობა, რაც პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა და, ზოგ შემთხვევაში, გარდაცვალებასაც იწვევს. ისაუბრა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ხარვეზებზე, ფინანსურ და სხვა პრობლემებზე.

ცნობისთვის, სახალხო დამცველი პარლამენტში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2019 წლის ანგარიშს წარადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები