“აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც საზოგადოებისთვის გაცილებით მაღალ ინტერესს წარმოადგენს აზარტული თამაშების სფეროში”

“ცალსახად დავეთანხმეთ იმას, რომ ეს ცვლილებები პოზიტიურია, თუმცა ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას დარჩენილი პრობლემების მოსაგვარებლად”, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კომიტეტის სხდომაზე მხოლოდ ამ კანონპროექტის აშკარა სიკეთეებზე არ ყოფილა საუბარი და, ზოგადა, ამ ბიზნესის მთელი კონტექსტი მიმოიხილეს.

„ჩვენ გულისწუხილით აღვნიშნეთ, რა თქმა უნდა, რომ ამ ბიზნესში არსებობს სხვა, საზოგადოების ინტერესისათვის გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელთაც მოგვარება სჭირდება, ცალსახად დავეთანხმეთ იმას, რომ ეს ცვლილებები პოზიტიურია და არის გადადგმული ნაბიჯი ამ პრობლემის მოგვარებისაკენ, თუმცა ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას იმ დარჩენილი პრობლემების მოსაგვარებლად.

აქაც ითქვა, რომ, სამწუხაროდ, მოწოდება ახალგაზრდობისათვს საკმარისი არ არის. ბევრი თემაა აქ მოსაგვარებელი, თუნდაც – რეკლამების თემა. მაგალითად, სულ მცირე, როგორც სიგარეტის კოლოფს აწერია, რა რისკებთან არის დაკავშირებული ეს, ამ რეკლემებსაც უნდა ეწეროს, თუ რა ტიპის დამოკიდებულებას იწვევს ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ რეკლამებს, სადაც თითქმის ბედნიერებისაკენ მიმავალ უალტერნატივო გზად არის ხოლმე წარმოჩენილი კაზინოში მისვლა”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

რომან კაკულიას თქმით, კომიტეტის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მუშაობა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და კომიტეტმა სწორედ ამ სულისკვეთებით დაუჭირა მხარი ამ კონკრეტულ, ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას.

ცნობისთვის, პარლამენტი დღეს განიხილავს კანონპროექტს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები