დავით ბაქრაძე: ხელისუფლება გიორგი რურუას თუ გაათავისუფლებს, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ შემდეგ მოსმენებშიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ცვლილებების უჩვენოდ დამტკიცება მოუწევთ

“მთავარი საფრთხე, რაც კონსტიტუციური კანონპროექტის პირველი მოსმენით ჩაგდებას უკავშირდებოდა, უკვე თავიდან არის აცილებული”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლების მხარესაა.

„თუ ხელისუფლება შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას და გამოუშვებს გიორგი რურუას, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ შემდეგ მოსმენებშიც და ეს იქნება უკვე მართლაც არა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილება, არამედ – ცვლილება, რომელიც ასახავს პოლიტიკური ოპოზიციის თანხმობასაც. თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, მაშინ მათ მოუწევთ ამ ცვლილებების მიღება უჩვენოდ. მიღება აუცილებლად მოუწევთ, რადგან მეორე, მესამე მოსმენით ვეღარ ჩააგდებენ პროცედურულად. მაგრამ ეს იქნება ცვლილება, რომელიც არ ასახავს ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციის მხარდაჭერას და, შესაბამისად, პასუხისმგებლობა 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობაზე მთლიანად ხელისუფლების მხარეს დარჩება“, – აღნიშნა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები 136 ხმით პირველი მოსმენით მიიღო. უმრავლესობის წევრებთან ერთად, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და ოპოზიციურმა ფრაქციებმა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“. „ევროპული საქართველოს“ წევრები თავდაპირველად კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებდნენ, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალეს და საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები