მამუკა მდინარაძე: “ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი გზა დესტაბილიზაციაა, რაშიც დემოკრატიული არჩევნები არ ჯდება, ამიტომაც ამბობენ, რომ ცვლილებებს მხარს უჭერენ, მაგრამ რეალურად ხმას არ აძლევენ
“ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი გზა დესტაბილიზაციაა, რაშიც დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები არ ჯდება, ამიტომაც ამბობენ, რომ ცვლილებებს მხარს უჭერენ, მაგრამ რეალურად ხმას არ აძლევენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ განაცხადა.
„მოხდა ისე, რომ „ევროპული საქართველოს“ გარდა ცვლილებებს მხარი დაუჭირა 116-მა დეპუტატმა. „ევროპული საქართველოს“ ხმებიც დაემატა და საერთო ჯამში, მივიღეთ 136 ხმა. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი მხარდაჭერის გარეშეც მარტივად, ჩვეულებრივად გადიოდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. რაც შეეხება ჯერჯერობით მთავარი ოპოზიციური ძალის საოცარ განცხადებას და პიარულ თავხედობას, რომლის მიხედვითაც ისინი აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ, მაგრამ ხმას არ აძლევენ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი პიარული „ნოუჰაუ“, რომლის მიხედვითაც საზოგადოებაზე, მათ როგორც ჩანს, ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ. რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხვდა, რომ ისინი ვერც ერთი კონფიგურაციით ვერ მიდიან ახლოსაც კი ისეთ შედეგებთან, რომელსაც აანონსებენ. აქედან გამომდინარე, მათი ერთადერთი გზა დესტაბილიზაციაა და დესტაბილიზაციაში დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები არ ჯდება. ამიტომაც ამბობენ, რომ ცვლილებებს მხარს უჭერენ, მაგრამ რეალურად ხმას არ აძლევენ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.