ირაკლი ლექვინაძე: ანტიდემპინგური კანონი საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება, განხილულია არაერთ პლატფორმაზე და მაქსიმალურად დაბალანსებულია

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა კანონპროექტს „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ“. პროექტის მიხედვით, ამ საკითხზე მოკვლევის ორგანოს კონკურენციის სააგენტო წარმოადგენს. სააგენტო, დემპინგური იმპორტის შესწავლას, ადგილობრივი ინდუსტრიის მომართვის საფუძველზე, კონკრეტული პროდუქტის შესახებ დაიწყებს.
„ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, კონკურენციის სააგენტო ვალდებულია, დაადგინოს, იყიდება თუ არა იმპორტირებული პროდუქტი დემპინგური ფასებით.
კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ აცხადებს, რომ  პროცესის გამჭვირვალობით, სააგენტო უპასუხებს იმ გამოწვევას, რასაც ადგილობრივი ინდუსტრიებისთვის  დემპინგის პრობლემა ჰქვია. ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ, მათი დასკვნის საფუძველზე,  გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს. ანტიდემპინგური ღონისძიების შედეგად დაწესებული ტარიფის ადმინისტრირებას კი, საქართველოს შემოსავლების სამსახური განახორციელებს.
„იმ შემთხვევაში ვიწყებთ საკითხის შესწავლას, თუ ადგილობრივ ინდუსტრიაში მოთამაშეების 50%-ზე მეტი,  დღის წესრიგში დააყენებს აღნიშნულ პრობლემას. ამასთან, მათი ერთობლივი წილი ბაზარზე 25%-ზე  ნაკლები არ უნდა იყოს. ეს არის მთავარი. ამის შემდეგ ჩვენ გვაქვს გარკვეული ვადები, განცხადებაში დასმული საკითხი შევისწავლოთ და დავადგინოთ, გვაქვს თუ არა საქმე რეალურად დემპინგთან. საბოლოოდ, მოვამზადებთ დასკვნას, რომელსაც მთავრობას გადავუგზავნით რეაგირებისთვის. შემიძლია გითხრათ, რომ ანტიდემპინგური კანონი  საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება, განხილულია არაერთ პლატფორმაზე და არის მაქსიმალურად დაბალანსებული. ერთის მხრივ, ადგილობრივი ინდუსტრიები დაცული იქნებიან დემპინგისგან და მეორეს მხრივ, განეიტრალდება იმპორტიორების შიშები, რომ კანონი მათ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული“,-აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
​შეგახსენებთ, რომ დემპინგი ეს არის საქონლის გაყიდვა უცხოეთის ბაზარზე, ადგილობრივი ბაზრის ფასებთან შედარებით იაფად, კონკურენტების ჩამოშორების მიზნით, ხშირ შემთხვევაში თვითღირებულებაზე ნაკლებ  ფასად. როგორც წესი, დემპინგით მოსარგებლე იმპორტიორებს, ყველგან, სადაც ანტიდემპინგური კანონი მოქმედებს, მაღალი ხარისხის პროდუქცია შეაქვთ. თუმცა, პატარა ქვეყნებში, სადაც ამ ქმედების ამკრძალავი ღონისძიებები არ აქვთ, იოლად ახერხებენ პროდუქციის დემპინგური ფასით შეტანას. გამონაკლისი ამ მხრივ  არც საქართველოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები