სასამართლომ არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ადევნების და მუქარის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ადევნების და მუქარის ფაქტზე ბრალდებული რ.ნ.-სთვის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და მას პატიმრობა შეუფარდა, – ამის შესახებ  თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადეს.

სასამართლოს ბრალდებული რ.ნ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ მიმართა.

უწყების ინფორმაციით, პროკურატურამ რ.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 151-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ადევნებას და მუქარას გულისხმობს.

„შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ნ.-სთვის ცნობილი იყო, რომ დაზარალებული თ.ჭ. არასრულწლოვანი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა იგი 2020 წლის თებერვლის დასაწყისიდან დღემდე სისტემატურად, პირადად ამყარებდა გოგონასთან არასასურველ კომუნიკაციას, ურეკავდა სხვადასხვა მობილური ტელეფონის ნომრებიდან და სოციალური ქსელების „ფეისბუქის“ და Instagram -ის მეშვეობით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა.

ასევე რ.ნ. სისტემატურად უკავშირდებოდა დაზარალებულის ნათესავს და მეგობრებს და მათი მეშვეობით ცდილობდა თ.ჭ.-სთან კომუნიკაციის დამყარებას. 2020 წლის 7 ივნისს რ.ნ. საცხოვრებელ კორპუსთან დახვდა დაზარალებულს და მასთან პირადი კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა, რის შედეგადაც თ.ჭ.-ს შეეშინდა და კორპუსის დაცვის თანამშრომლის დახმარებით დაბრუნდა საცხოვრებელ ბინაში.

ასევე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 13 თებერვალს, თ.ჭ.-მ ბრალდებულისგან „ფეისბუქის“ მეშვეობით სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო.

2020 წლის 17 ივნისს თ.ჭ. დაზარალებულად იქნა ცნობილი.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები