პროკურატურა: 6 სასტუმროს ხელმძღვანელი პირები თაღლითურ გარიგებაში შევიდნენ, რითაც საქართველოში საბანკო დაწესებულებებსა და აშშ-ის მოქალაქეებს დიდი ოდენობის ზარალი მიადგათ

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა, რის შედეგადაც 8 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მოქმედი 6 სასტუმროს ხელმძღვანელობითი და მმართველობითი უფლებამოსილების მქონე პირები, სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ბრალდებულებთან გ.კ. და კ.ა.-სა და დანაშაულებრივი ჯგუფის საზღვარგარეთ მყოფ სხვა წევრებთან.

“დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ე.კ-მ, ლ.გ-მ, გ.გ-მ, ვ.ნ-მ, შ.ი-მ, და ლ.დ-მ, მათივე მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული კომპანიების სახელზე, რომლებიც სასტუმრო მომსახურებას ეწეოდნენ, საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში გახსნეს საბანკო ანგარიშები და პოსტერმინალისა და „ჯეო ფეის“ საგადახდო სისტემის მომხმარებლებად დარეგისტრირდნენ.

აღნიშნულით მათ მიეცათ შესაძლებლობა, პოსტერმინალსა და „ჯეო ფეის“ გადახდის სისტემაში სხვადასხვა უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების საბანკო ბარათების მონაცემების შეყვანის გზით ბარათებიდან ჩამოეჭრათ თანხა და გადაეტანათ მათთვის სასურველ საბანკო ანგარიშებზე.
ბრალდებულები თავიანთ მფლობელობაში არსებული სასტუმროების ნომრებს არარსებული მომხმარებლების სახელით ჯავშნიდნენ სასტუმროს ნომრების დისტანციურად დაჯავშნის სერვისის მომწოდებელი პოპულარული ვებგვერდების მეშვეობით. დაჯავშნილი ნომრების მათ მიერვე ხელოვნურად გაზრდილი ღირებულების გადახდისას, ბრალდებულებს, პოსტერმინალსა და „ჯეო ფეის“ საგადახდო სისტემაში შეჰყავდათ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების უკანონოდ მოპოვებული საბანკო ბარათების მონაცემები და ამ გზით ბარათებიდან აჭრიდნენ დიდი ოდენობით თანხებს.

საბანკო ანგარიშებიდან განაღდების შემდგომ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხები, წინასწარ შეთანხმებული პროცენტულობის შესაბამისად, ნაწილდებოდა საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვა სახელმწიფოში მყოფ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის.

ზემოაღნიშნული ქმედებით, საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებსა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს 687 321 ლარისა და 60 400 აშშ დოლარის ოდენობის ზიანი მიადგათ.
2020 წლის 16-17 ივნისს ე.კ-ს, ლ.გ-ს, გ.გ-ს, ვ.ნ-ს, შ.ი-ს, ლ.დ-ს, გ.კ-ს, და კ.ა-ს, წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების  6-დან 9 წლამდე  აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებასა და საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე, ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები