“დონალდ ტუსკი „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარეა და გარკვეული მნიშვნელოვანი ვალდებულებები აქვს იმ პარტიის მიმართ, ვინც იგი ესოდენ მაღალ პოსტზე აირჩია ევროპულ სტრუქტურებში”

“ყველა უნდა შევეჩვიოთ, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში, რომ „ევროპის სახალხო პარტია” განსაკუთრებით აქტიური იქნება. „სახალხო პარტია“ და მისი წევრი „ნაციონალური მოძრაობა”, „ნაციონალური მოძრაობის” განშტოებები, რასაკვირველია, ეს ერთი დიდი პოლიტიკური გუნდია”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის, დონალდ ტუსკის განცხადებას.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, დონალდ ტუსკს გარკვეული ვალდებულებები აქვს მათ მიმართ, ვინც ის „ესოდენ მაღალ პოსტზე აირჩია ევროპულ სტრუქტურებში”.

„რასაკვირველია, ასეთი განცხადებები იქნება მუდმივად. განსაკუთრებით, ტუსკის განცხადებას უნდა მივაქციოთ ყურადღება, იგი არათუ წევრია „ევროპის სახალხო პარტიის“, არამედ თავმჯდომარეა და გარკვეული მნიშვნელოვანი ვალდებულებები აქვს იმ პარტიის მიმართ, ვინც იგი ესოდენ მაღალ პოსტზე აირჩია ევროპულ სტრუქტურებში. გარდა ამისა, საკმაოდ სერიოზული დაძაბულობა აქვს თავის სამშობლოში, სადაც პრემიერმინისტრი იყო. დღევანდელი სახელისუფლებო გუნდი და ტუსკის პარტია საკმაოდ სერიოზულ დაპირისპირებულ მდგომარეობაში არიან. აქედან გამომდინარეობს „ევროპის სახალხო პარტიის“ ერთიანობის აუცილებლობა, რასაც ტუსკი უნდა წარმოადგენდეს, აქედან გამომდინარეობს ამ განცხადების პათოსი, შინაარსი და არამარტო ამ საკითხებთან მიმართებით, იგივე უკრაინის თემაზეც ჰქონდა განცხადებები და ბევრი სხვაც იქნება”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა „ტვიტერში“ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს: “შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეში რჩება. მოვუწოდებთ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისა და რურუას გათავისუფლებისკენ”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები