გიორგი გახარია: ეკონომიკური პრიორიტეტების დივერსიფიცირება უნდა მოვახდინოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტურიზმზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ
ტურიზმს აქვს საკმაოდ დაბალი ბარიერები და საკმაოდ სერიოზული და სწრაფი გადაცემის ძალა, რომელიც ფარავს ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს, ამიტომ, ტურიზმი, ჩვენი ეკონომიკის და უფრო მეტსაც გეტყვით – ჩვენი კულტურული ცხოვრების რაღაც ნაწილი უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტურიზმის განვითარების პარალელურად, ქვეყნის ეკონომიკის სხვა სისტემური დარგებიც უნდა განვავითარდეს.
„ჩვენ ჩვენი ეკონომიკური პრიორიტეტების დივერსიფიცირება უნდა მოვახდინოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტურიზმზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ. ტურიზმს აქვს რამდენიმე დიდი უპირატესობა – ტურიზმს აქვს საკმაოდ დაბალი ბარიერები და საკმაოდ სერიოზული და სწრაფი გადაცემის ძალა, რომელიც ფარავს ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს, ამიტომ, ტურიზმი, ჩვენი ეკონომიკის და უფრო მეტსაც გეტყვით – ჩვენი კულტურული ცხოვრების რაღაც ნაწილი უნდა იყოს. ჩვენ ამას უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ და უნდა შევინარჩუნოთ. ამაზე არც ხელის ჩაქნევა, ან ყურადღების შემცირება არ შეიძლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკის სხვა სისტემური დარგები არ უნდა განვავითაროთ. მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმში, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ საკმაოდ კარგად ვვითარდებოდით, ეკონომიკის სხვა დარგების მიმართ ყურადღება არ შეგვიმცირებია. უბრალოდ, ეკონომიკის სხვა ბევრ დარგს სჭირდება ბევრად უფრო სისტემური, სტრუქტურირებული და დროში გაწერილი მუშაობა. მე მესმის, რომ ადგილობრივი წარმოება, ინდუსტრიალიზაცია საინტერესო და აუცილებელი მიმართულებებია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ – უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და არ უნდა ველოდეთ ამ მიმართულებით სწრაფ შედეგებს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის საშუალო და გრძელვადიან სტრატეგიაზე, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო დონის ეკონომისტები, როგორც ევროპიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
„ჩვენ გვჭირდება ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის სწრაფი ზრდის იმპულსები. ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის საშუალო და გრძელვადიან სტრატეგიაზე, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო, უმაღლესი დონის ეკონომისტები, როგორც ევროპიდან, ასევე აშშ-დან, როგორც მეცნიერები, ასევე პრაქტიკოსი ეკონომისტები. ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი ძირითადი პრობლემა არის სამუშაო ძალა, ცოდნა და კომპეტენცია. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ინდუსტრიულ კომპანიებზე, ადგილობრივ წარმოებაზე, სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაციაზე, აქ ცოდნა და კომპეტენცია ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტურიზმში. აქედან გამომდინარე, ამაზე პასუხი იყო განათლების სისტემური რეფორმა, რასაც ვაგრძელებთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.