კორუფციის ნიშნები სასამართლოში – კბილაშვილი ,,ლიდერფუდის” საქმის განხილვას უზენაესის დიდი პაკატისგან მოითხოვს
ადვოკატი არჩილ კბილაშვილი „ლიდერფუდის“ საქმეზე უზენაესი სასამართლოსთვის დამატებითი განცხადებით მიმართვას აპირებს, რომელშიც დეტალურად იქნება ახსნილი, თუ კონკრეტულად რა დარღვევები ჩაიდინეს ჯერ საქალაქო, ხოლო შემდგომ – სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეებმა. ადვოკატი გამოდის ინიციატივით, რომ საქმე განსახილველად დიდ პალატას გადაეცეს.
ამის თაობაზე კბილაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში „ლიდერფუდის“ საქმის განმხილველ მოსამართლეთა მხრიდან ფუნდამენტური მნიშვნელობის დარღვევები იქნა ჩადენილი.
“როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეებმა – ბატონებმა ქოჩიაშვილმა და მაკარიძემ თავიანთი გადაწყვეტილებები დაამყარეს დამახინჯებულ, გაკრეჭილ და არაკეთილსინდისიერი გზით მოპოვებულ მტკიცებულებებს (როგორიცაა, მაგალითად, ერთ დღეში მოპოვებული ექსპერტიზის დასკვნა), რომელთა საფუძველზეც დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და 15 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბიზნეს-აქტივი, საქმის არსებითი განხილვის გარეშე, მიაკუთვნეს მოსარჩელე მხარეს.
ამასწინათ მე საჯაროდ განვაცხადე რომ ამ საქმეში სავარაუდო კორუფციის ნიშნებს ვხედავ. უახლოეს დღეებში უზენაეს სასამართლოში დამატებით წერილობით განცხადებას წარვადგენთ, რომელშიც თითოეული დარღვევა დეტალურად იქნება გამოაშკარავებული. დარღვევების სიღრმე, თვალსაჩინოება და მასშტაბურობა, რომელიც, ერთი მხრივ, ჩრდილს აყენებს სასამართლო ხელისუფლებას, მეორე მხრივ, მაფიქრებინებს, რომ წინასწარი შეცნობით უკანონო გადაწყვეტილების გამოტანას ჰქონდა ადგილი. უზენაეს სასამართლოს უნდა ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია ამის შესახებ. განცხადებას, რომელსაც ჩვენ უზენაეს სასამართლოს წარვუდგენთ, იმავდროულად, გავასაჯაროებთ კიდეც, რათა საზოგადოების თითოეულ წევრს შეეძლოს, გაიგოს, თუ რა მოხდა“, – განაცხადა კბილაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ოფიციალურად მიმართავს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვს, რომ „ლიდერფუდის“ საქმე უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განიხილოს.
„ჩვენი თხოვნა ასევე იქნება ის, რომ საქმე უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განიხილოს, რადგან „ლიდერფუდის“ საქმე იშვიათ სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენს, არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, მასშტაბური, უპრეცედენტო და იმავდროულად, ორგანულად უკავშირდება ბიზნესისა და სასამართლო ხელისუფლების ურთიერთობას. ამიტომ აუცილებელია, რომ გადაწყვეტილება არა ერთმა ან რამდენიმე მოსამართლემ, არამედ დიდი პალატის ყველა მოსამართლემ გამოიტანოს“, – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, უზენაეს სასამართლოს დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში აქვს მიღებული „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის, დავით ზეიკიძის საკასაციო საჩივარი. ზეიკიძეს ბიზნესის 50%-ს ირაკლი დუმბაძე ედავება. სასამართლოს ორმა ინსტანციამ დუმბაძის სარჩელი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა და მას წილი მიაკუთვნა. როგორც დაუსწრებელ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული მისი გამოტანის საფუძველი ზეიკიძის მხრიდან შესაგებლის წარუდგენლობა გახდა. დავით ზეიკიძე კი ამტკიცებს, რომ მას სარჩელი არ ჩაბარებია და შესაბამისად, ვერც შესაგებელს წარადგენდა. ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა, ექსპერტიზის დასკვნა და მოწმეთა ჩვენებები ზეიკიძეს მხარეს სასამართლოში წარდგენილი აქვს.
ზეიკიძე უზენაესი სასამართლოსგან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის არსებითად განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნებას ითხოვს.