შსს: თბილისში მამაკაცის გატაცებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის მორიგი დეზინფორმაცია

თბილისში მამაკაცის გატაცებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის მორიგი დეზინფორმაცია.  ტელეკომპანია “ფორმულა” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს. უწყებას მედიის წარმომადგენლისთვის ფაქტი გატაცებასთან დაკავშირებით არ დაუდასტურებია, მათ მიიღეს პასუხი, რომ მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება. მიუხედავად ამისა, ტელეკომპანია “ფორმულას” საინფორმაციო გამოშვება დაიწყო იმით, რომ თბილისში მამაკაცი საკუთარ მანქანასთან ერთად გაიტაცეს და შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პოლიციამ, შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი, მისივე მანქანასთან ერთად, თბილისში იპოვა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა გადაამოწმა ინფორმაცია და გაირკვა, რომ განაცხადი შევიდა პოლიციაში დღისით, იმის შესახებ, რომ სახლიდან გავიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ადგილსამყოფელიც ოჯახისთვის ბოლო 24 საათის განმავლობაში უცნობი იყო. პოლიციამ, შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი, მისივე მანქანასთან ერთად, თბილისში იპოვა. იგი თავს კარგად გრძნობს და აცხადებს, რომ იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და მარტო ყოფნა სურდა.

რაც შეეხება სხვა მედიასაშუალებებს, რომლებმაც დაწერეს ინფორმაცია თბილისში ადამიანის გატაცების შესახებ, არც ერთ მათგანს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში არ დაურეკავს და არ გადაუმოწმებია ინფორმაცია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები