მამუკა მდინარაძე: არჩევნების შედეგების მხრივ ჩვენთვის სულერთია ოპოზიცია ერთიანი სიით გამოვა თუ ცალ-ცალკე
“ქართული ოცნებისთვის” სულერთია, ოპოზიცია ერთიანი სიით გამოვა, თუ დაიქსაქსებიან და ცალ-ცალკე გამოვლენ არჩევნებზე”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ერთად თუ გამოვლენ, ეს მაჟორიტარებთან დაკავშირებით უზრუნველყოფს იმას, რომ პირველივე ტურში დამთავრდება ყველაფერი “ქართული ოცნების” გამარჯვებით და თუ ცალ-ცალკე გამოვლენ, შეიძლება სადღაც, მაგალითად, მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით ჰქონდეთ რამდენიმე მეორე ტური და იქაც ყველა ვარიანტში “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს.
მდინარაძის თქმით, „ ქართულ ოცნებას” აქვს 99%-იანი ინფორმაცია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩაატარა კვლევა, სადაც “გორბის” კვლევებთან შედარებით კიდევ უფრო მაღალი რეიტინგი აქვს „ქართულ ოცნებას”.
„ამის გამო შოკში არიან ახლა და ჭამენ ერთმანეთს, ერთად გამოვიდნენ თუ ცალ-ცალკე. მაჟორიტარი ვინ იყოს, ადგილს ვერ იყოფენ. მოგების არანაირი შანსი და ძალა არ აქვთ”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძმ.
მისი თქმით, ცალ-ცალკე მათი რეიტინგი ვერ უახლოვდება ჯამში 40%-ს. „ერთადერთი შეიძლება მოიფიქრონ გეგმა „ბ”, რომელიც არჩევნებთან კი არ იქნება დაკავშირებული, არამედ დესტაბილიზაციასთან. თუმცა ამის ძალაც არ აქვთ”, – განაცხადა ვიცესპიკერმა.