დიმიტრი ხუნდაძე: კრიტიკა უნდა იყოს ობიექტური და არა მცდელობა იმისა, რომ გადავმალოთ პოზიტივი, ზედაპირზე ამოვწიოთ ზოგჯერ არარეალური, უსაფუძვლო ბრალდებები 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ კომიტეტის სხდომაზე განხილული 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შეაფასა და აღნიშნა, რომ ცვლილებების პროექტი გათვლილია როგორც ანტიკრიზისულ გეგმებზე, ასევე, მასში ასახულია ის შესაძლო ვითარება, რაც ეპიდემიის მეორე ტალღას შეიძლება მოყვეს.

„ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას ძალიან რთული სამუშაო ჩატარდა და წინაც რთულად სამართავი პროცესი გველოდება, რადგან სამწუხაროდ, ისევ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება. მაგრამ კარგია, როდესაც ასე რთულ ვითარებაში საქართველო, რომელიც სხვა ქვეყნებისგან გამოირჩევა ფინანსური სიმწირით ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ჩვენ გვაქვს გამორჩეულოად პოზიტიური შედეგი. ამ შედეგს ბოლომდე მიტანა სჭირდება, რამეთუ ისევ პანდემიის რეჟიმში ვართ. ეს ბიუჯეტი ბევრი მნიშვნელობით საყურადღებოა და მე ვფიქრობ, რომ გარდა იმისა, რომ ეს ანტიკრიზისული ბიუჯეტია, ასევეა წინდახედული ბიუჯეტი, რადგან აქ გათვალისწინებულია შესაძლო მეორე ეპიდემიოლოგიური ტალღა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფრთხილებს მთელ მსოფლიოს, რომ შესაძლოა ეს ტალღა კიდევ უფრო მძლავრი და კიდევ უფრო მეტი ზიანის მომტანი იყოს, ვიდრე აქამდე ვნახეთ ბევრ ქვეყანაში კატასტროფული სცენარები ვნახეთ და ვფიქრობ, რომ სიფრთხილე და წინდახედულობა აუცილებელია. რა თქმა უნდა, კრიტიკა იოლია. შესაძლოა სურვილების დონეზე წარმოდგენილი იყოს უფრო მეტი დახმარებები, უფრო მეტი შედეგი მოინდომოს ვიღაცამ, მაგრამ ქვეყანა მზად უნდა იყოს არა მხოლოდ სურვილებით, არამედ მზად უნდა იყოს ფინანსურადაც. შეიძლება სურვილი გქონდეს სწორად დაგეგმილი და გათვლილი, მაგრამ არ მოგყვებოდეს ფინანსები. ამიტომ რაც გაქვს ისიც სწორად უნდა გადაანაწილო და უნდა გათვალო, რომ ის შემდეგშიც აუცილებლად დაგჭირდება. ვფიქრობ, რომ პანდემიის რეჟიმში ჩვენმა ქვეყანამ, მმართველმა გუნდმა სწორად მართა პროცესი და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, მთავარი შემფასებელი არის შედეგი და ეს არის გამორჩეულოად პოზიტიური. ეპიდემიოლოგიურად ჩვენ უკეთ გამოვიყურებით, ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნებისგან შედარებით და აქ საზოგადოებასაც მინდა მადლობა ვუთხრა, რადგან მათი დამყოლობა მაღალ ხარისხში იყო. ვფიქრობ, რომ საზოგადოებისგან იქნება მზაობა და ისინი არ მოეშვებიან და არ მოდუნდებიან და ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამ პოზიტიურ შედეგს. აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ ჯანდაცვას და სოციალურ მიმართულებებს სჭირდებათ ფინანსები, ფინანსები აუცილებელია ეკონომიკის სწრაფი ამოქმედებისთვის. სამუშაო მრავალმხრივია, მნიშვნელოვანი გათვლები და სწორი დაგეგმარებაა საჭირო. ამიტომ კრიტიკა უნდა იყოს ობიექტური და არა მცდელობა იმისა, რომ გადავმალოთ პოზიტივი, ზედაპირზე ამოვწიოთ ზოგჯერ არარეალური, უსაფუძვლო ბრალდებები და ამაში მხოლოდ პოლიტიკური სარგებელი ვეძიოთ”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები