ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი გზის მშენებლობა გრძელდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია გრძლდება.

მათივე ცნობით, პროექტი ორ 25 კმ-იან მანაკვეთადაა დაყოფილი. ამ დროისთვის, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა და გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, ასფალტ-ბეტონი დაგებულია 2 კმ-იან მონაკვეთზე. ასევე, მიმდინარეობს მაგისტრალული გაზსადენისა და წყალსადენი მილების მოწყობის სამუშაოები.

“ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია მოიცავს: ასფალტის საფარის მოწყობას, ხიდების, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციას, საყრდენი კედლების მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.

პირველი მონაკვეთის მშენებლობას კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს, სადაც საქართველოს 250 მოქალაქეა დასაქმებული, ხოლო მეორე მონაკვეთის მშენებლობას აზერბაიჯანული კომპანია „აკორდი“ ახორციელებს, სადაც ამ დროისთვის დასაქმებულია საქართველოს 68 და აზერბაიჯანის 11 მოქალაქე.

აღსანიშნავია, რომ მეორე მონაკვეთზე პირველთან შედარებით სამუშაოების პროგრესი დაბალია, რისთვისაც კომპანიას გაფრთხილება და შესაბამისი ინსტრუქციები მიეცა. ამ მონაკვეთზე სამუშაოების დაბალი ტემპი კორონავირუსის მიერ შექმნილი ვითარებითაცაა გამოწვეული, თუმცა კომპანია უახლოეს მომავალში დამატებითი მუშახელის მობილიზებას მოახდენს და სამუშაოები ვადებში დასრულდება.

საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60 ავტომაგისტრალთან აკავშირებს. გზა მიუყვება მდინარეებს: ჩხერიმელას, ძირულასა და  ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის ხაზს. ადგილობრივ მოსახლეობას ამ გზაზე გადაადგილების პრობლემა წლებია, აწუხებს.

გზის რეაბილიტაციის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 23 000-მდე და გზის მიმდებარედ განლაგებულ 13 სოფელში მცხოვრებ 7 000-მდე ადამიანს გადაადგილების პირობები გაუუმჯობესდება და უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების საშუალება ექნებათ”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. პროექტის ჯამური ღირებულება 105 მილიონი ლარია. პირველი მონაკვეთის რეკონსტრუქცია 2020 წლის ბოლოს დასრულდება ხოლო მეორე მონაკვეთის 2021 წლის ბოლომდე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები