არჩილ თალაკვაძე: მტკიცებულებებით დასაბუთებულია, რომ პირბადე ადამიანს ინფექციისგან იცავს

“პანდემიასთან ბრძოლა არ დასრულებულა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩვენი ჯანდაცვის სამსახურების რჩევა და რეკომენდაციაა, რომ, ფიზიკურ დისტანცირებასთან ერთად, პირბადე გამოვიყენოთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პირბადეების ტარების წესებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ.

მისივე თქმით, მტკიცებულებებით არის დასაბუთებული, რომ პირბადე ადამიანს ინფექციისგან იცავს.

„ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს რამდენიმე მოცემულობა. პირველი, მსოფლიოში პანდემია ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ვირუსთან ბრძოლა არ დასრულებულა. მეორე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩვენი ჯანდაცვის სამსახურების რჩევა, მოწოდება და რეკომენდაციაა, რომ, ფიზიკურ დისტანცირებასთან ერთად, გამოვიყენოთ პირბადე და მტკიცებულებებით არის დასაბუთებული, რომ პირბადე იცავს ადამიანს ინფექციისგან. ეს არის მოცემულობა. მეორე მხრივ, ოპონირება ამ პროცესში არის აუცილებელი. ბატონ ანრის მე ვთხოვ, რომ უზრუნველყოს ეს პროცესი ბოლომდე, როგორც ეს დღეს და აქამდე იყო და მაქსიმალური ჩართულობით ყველა რისკის, ყველა სათუო საკითხის გათვალისწინებით, მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. რასაკვირველია, ყველას გვესმის, რომ ჩვენ ახლა ვქმნით მარეგულირებელ ჩარჩოს და არ შევდივართ კონკრეტულ დეტალებში, როგორიც არის, მაგალითად, პირბადის ხარისხი თუ სხვა ისეთი საკითხები, რომელიც კანონში ვერ გაიწერება, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია, რომ მოქალაქეებისთვის კონკრეტულად, სამართლიანად, გაიწეროს და იყოს ეს ყველასათვის გასაგებად, თუ რას ეხება შეზღუდვები და რატომ აწესებს ხელისუფლება ასეთ შეზღუდვებს. მე ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ და გთხოვთ, რომ მეორე მოსმენის ფარგლებში, აბსოლუტურად ამოვწუროთ ეს კითხვები და მაქსიმალურად ისეთი რეგულაციები გავწეროთ, რომელიც ბოლომდე შეამცირებს გაუგებრობებს, კითხვებს და კარგია, რომ დღეს ეს კითხვები იყო დასმული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები