პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ორგანიზებული ჯგუფის წევრებს თავისუფლების 17 და 15 წლით აღკვეთა მიესაჯათ
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის წევრები ნარკოდანაშაულისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ 2019 წლის სექტემბერში ზ.ბ-მ, ა.თ-მ და ბ.კ-მ ჩამოაყალიბეს ორგანიზებული ჯგუფი, რომლის მოტივაცია იყო, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მოეხდინათ ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა, შენახვა და შემდგომ – ინტერნეტსაიტის საშუალებით მისი გასაღება. ორგანიზებული ჯგუფის სამივე წევრს განაწილებული ჰქონდა ფუნქციები, ისინი მოიპოვებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, შემდგომ ავტომობილის მეშვეობით გადაადგილდებოდნენ ქ. თბილისში, სხვადასხვა უბანში, რა დროსაც ნარკოტიკულ საშუალებებსა და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს ათავსებდნენ საცხოვრებელი კორპუსის სხვადასხვა ადგილში, ხოლო მისამართებს ინტერნეტსაიტის მეშვეობით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემძენ პირებს, სანაცვლოდ, ისინი კრიპტოვალუტის საშუალებით იღებდნენ ფულად თანხას.
ბრალდებულებს ზ.ბ-ს, ა.თ-ს და ბ.კ-ს ბრალდების მხარე ედავებოდა ცხრა ეპიზოდში: ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების მომზადება, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა, შენახვა, გასაღების მომზადება – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მეექვსე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის, მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. საქართველოს სსკ-ის 18-260-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, მეხუთე ნაწილის „ა“, მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 18-260-ე მეოთხე, მეექვსე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 18-260-ე მუხლის მეორე ნაწილი, მეოთხე ნაწილი, მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს; ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის სამივე წევრი ზ.ბ, ა.თ, ბ.კ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად ბ.კ-ს და ა.თ-ს თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადითგანუსაზღვრა, ხოლო ზ.ბ-ს – თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით”, – ნათქვამია გენერალური პროკურატურის ინფორმაციაში.