გიგი წერეთელი: იმედი მაქვს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-სა და საერთაშორისო მისიები დააკვირდებიან
საქართველოს მთავრობამ საგარეო საქმეთა წერილით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მოწვევის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას მიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა განცხადება გააკეთა.
„ეს არის პროცედურა, როდესაც ქვეყანა აპირებს, რომ მიიღოს საერთაშორისო დამკვირვებლები და არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე აკეთებს მოწვევას, რომლის შემდეგაც ხდება გადაწყვეტილების მიღება. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა კოორდინირებს ამ პროცესს და ეუთო-ს ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისთან ერთად ქმნის როგორც მოკლევადიან, ასევე, გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებს. პანდემიის გამო ბევრ ქვეყანაში არჩევნების გადადება გახდა აუცილებელი და ახლა პროგნოზირებისთვის რთული პერიოდია, თუ რამდენად შეძლებენ საერთაშორისო დამკვირვებლები ქვეყანაში შემოსვლას. რაც შეეხება საქართველოს საკითხს, ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ყოველთვის დიდი ინტერესია და ეს დამოკიდებულებაა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც, რადგან იგი მომავალ პოლიტიკურ პროცესს და, მნიშვნელოვანწილად, საქართველოსადმი დასავლეთის დამოკიდებულებას განსაზღვრავს. ეუთო-ში გადაწყვეტილება კონკრეტული ვითარების შესაბამისად მოხდება, თუმცა სურვილი იმისა, რომ საარჩევნო პროცესების დაკვირვება მოხდეს, ეუთო-ს ნამდვილად აქვს. ეს საქართველოს ინტერესიც არის, რადგან თუ ეუთო-ს მისია არ ჩადის ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ იქ პროცესები დემოკრატიულად არ მიმდინარეობს. აქვე მნიშვნელოვანია იმ ვალდებულებების და რეკომენდაციების შესრულება, რომელიც ქართულმა მხარემ აიღო. ბოლო არჩევნებზე ძალიან ბევრი და მკაცრი რეკომენდაციები იყო, რიგი რეკომენდაციების კვლავ შესრულებას მოითხოვს, შესაბამისად, ესეც მნიშვნელოვანი პირობა იქნება იმისთვის, რომ საერთო შეფასების დოკუმენტში ეს პროცესი აისახოს”, – განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.