„რეგლამენტი ის დოკუმენტია, რომელიც ყოველთვის უნდა განიცდიდეს ცვლილებას გამომდინარე იქედან, რომ პარლამენტი პოლიტიკური ორგანოა და იქ ბუნებრივად იცვლება სიტუაციები”

„პარლამენტის რეგლამენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ძირითადი ნორმატიული აქტი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს პარლამენტმა და ბუნებრივია, კონსტიტუციაში ორი წლის წინ განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე საჭიროა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე რეგლამენტში დაინიცირებული ცვლილებები წარმოადგინა.
“რეგლამენტი ის დოკუმენტია, რომელიც ყოველთვის უნდა განიცდიდეს ცვლილებას, გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტი პოლიტიკური ორგანოა და ბუნებრივად იცვლება იქ სიტუაციები. პირველი პრინციპი ის არის, რომ აღარ იქნება სუბიექტი უმცირესობა როგორც ასეთი და იქნება საპარლამენტო ოპოზიცია, როგორც კონსტიტუციაშიც არის ნახსენები. შემდგომში როგორც სუბიექტი აღარ იქნება უმრავლესობა და არც უმცირესობის ლიდერი და უმრავლწესობის ლიდერი, როგორც თანამდებობა”,-აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტში ძირითადი მოთამაშეები კონსტიტუციიდან გამომდინარე ისევ ფრაქციები იქნებიან.

“რა პრინციპით ჩამოყალიბდება უმცირესობა და უმრავლესობა არჩევნების შემდეგ არის ის, რომ პირველივე სხდომაზე პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, მინიმუმ 76 პარლამენტის წევრი შეადგენს სიას და გადასცემს პარლამენტს განაცხადს, რომ პარლამენტში უკვე არსებობს უმრავლესობა, რომელიც შექმნის მთავრობას და შეიქმნება უმრავლესობა, არა როგორც სუბიექტი, არამედ პარლამენტის სიითი წევრთა შემადგენლობის უმრავლესობა. ამის შესაბამისად რეგლამენტში განისაზღვრება უმრავლესობასა და უმრავლესობაში შემავალ ფრაქციებს აქვთ თავისი კვოტები, დროის გადანაწილება და სხვა.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არც ერთ შემთხვევაში არც ერთი მიმართულებით საპარლამენტო ოპოზიციის საქმიანობის დროს უფლებები კვოტების კუთხით, დროის კუთხით თუ ნებისმიერი მიმართულებით, არ იზღუდება, უბრალოდ კონკრეტდება იმ ფრაქციების კვოტები და გამომსვლელთა დრო, რომელიც იქნება ან საპარლამენტო ოპოზიციაში ან საპარლამენტო უმრავლესობაში.
ეს პრინციპი, რომ უმცირესობა აღარ იარსებებს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საპარლამენტო ოპოზიციას რაიმე ტიპის შეზღუდვები დაუწესდება”, -განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, X მოწვევის პარლამენტს, რომელიც შევა ძალაში, უკვე უნდა ჰქონდეს რეგლამენტი, რომელიც იქნება თავსებადი საქართველოს კონსტიტუციასთან.
“პროექტით გათვალისწინებულია ცვლილებები იმის გათვალისწინებით თუ როგორ შეიძლება რომ პარლამენტის საქმიანობა იყოს უფრო ოპტიმალური, უფრო რაციონალური, როგორც დროის გადანაწილების კუთხით ასევე თანამდებობების კუთხით. იცვლება გარკვეული ტიპის მიმართულებები, მაგალითად ფრაქციების დონეზე დღეს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე როგორც თანამდებობის პირი არ არსებობს. ესეც შეიცვლება ის იქნება თანამდებობის პირი. თუმცა, ფრაქციაში თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება იმის მიხედვით რამდენი წევრი ჰყავს ფრაქციას და ყოველ 15 წევრზე იქნება ერთი მოადგილე. რომელიც იქნება თანამდებობის პირი.
ასევე გამოსვლებისთვის განკუთვნილი დროები განაწილდება ფრაქციის წევრების პროპორციულად, რაც მეტი წევრი ჰყავს ფრაქციას, მით მერი დრო იქნება მისთვის განსაზღვრული.
ასევე შემოდის ცნება „უფრაქციო პარლამენტის წევრი” ნაცვლად „დამოუკიდებელი დეპუტატებისა”.​ვიცესპიკერების არჩევის პროცესშიც ხორციელდება ცვლილება, სადაც თანაბარი პოზიციებია შენარჩუნებული, პირველი მოადგილის გარდა იქნება ორი მოადგილე, ერთი საპარლამენტო სიითი უმრავლესობიდან ერთი საპარლამენტოო ოპოზიციიდან.
აღნიშნული პრინციპული ცვლილებების საფუძველზე არის გათვალისწინებული პროცედურული ცვლილებები, რომლებიც ასევე პროექტშია წარმოდგენილი”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები