ლევან ნიკოლეიშვილი: ნათელაშვილის ფანჩატურში მყოფი ადამიანების გაერთიანება ძალიან მყიფე აღმოჩნდა, როგორც კი საქმე მივიდა ოლქების განაწილებაზე, ერთობა, ფაქტობრივად, დაირღვა
“შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში მყოფი ადამიანების გაერთიანება ძალიან მყიფე აღმოჩნდა, როგორც კი საქმე მივიდა ოლქების განაწილებაზე, იმაზე, თუ ვინ როგორ უნდა იმოქმედოს, ერთობა, ფაქტობრივად, დაირღვა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლევან ნიკოლეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლევან ნიკოლეიშვილმა საარჩევნო სისტემის ცვლილებების საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან ბრძოლაში ეს რაუნდი წააგო.
„ოპოზიციამ ეს რაუნდი წააგო ხელისუფლებასთან ბრძოლაში, ვინაიდან პირობები გარკვეულწილად შესრულდა. აქედან გამომდინარე, მათ უნდა მიიღონ მონაწილეობა ამ ცვლილებებში. მათი არმონაწილეობა უკვე დასტურია იმისა, რომ ეს მხოლოდ იმისათვის იყო გამიზნული, საერთაშორისო აჟიოტაჟი აეტეხეთ. როგორც ცნობილი ხდება, ამ ცვლიელების მიღებას არ ემუქრება დიდი საფრთხე, 113 ხმა სრულიად საკმარისია და გარკვეული ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას არ წარმოადგენენ, ასევე დაუჭერენ მხარს ცვლილებებს. მეორე ვარიანტი გვრჩება: თუ არ გავიდა ეს ცვლილება, მაშინ 77/73-ზე რჩება, აქაც მეორე ეჭვი ჩნდება – შეიძლება, ეს უფრო აწყობს ოპოზიციას. მოგეხსნებათ, დიდი აჟიოტაჟია ატეხილი იმის თაობაზე, თუ რამდენ მანდატს გაინაწილებენ მაჟორიტარულ ოლქებში. ამასთან მიმართებით კიდევე ერთი საინტერესო დადასტურება იკვეთება იმისა, რამდენად იყო ოპოზიცია დაინტერესებული ამ ცვლილეების მიღებაზე. დებდნენ და დებენ პირობებს, რომ პატიმრობიდან ესა თუ ის ადამიანები გაეთავისუფლებინათ. მიუხედავად ამისა, მაინც აღმოჩნდა, რომ მათთვის ეს თემა მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არ იყო. როგორც ისინი ამბობენ, პირობა არ არის შესრულებული ხელისუფლების მხრიდან, ამავდროულად, ამ რეჟიმში მუშაობენ თანამდებობებისა და მაჟორიტარული ოლქების განაწილებაზე. ერთმანეთი დაჭამეს კიდეც ასეთი რაღაცებისთვის. თავად ეს გაერთიანება შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში მყოფი ადამიანებისა ძალიან მყიფე აღმოჩნდა – როგორც კი საქმე მივიდა ოლქების განაწილებაზე, როგორც კი საქმე მივიდა იმაზე, ვინ როგორ უნდა იმოქმედოს, ერთობა, ფაქტობრივად, დაირღვა. ყველა ხვდება, რომ მთავარი აქ ახლა არის ის, თუ რა სარგებელს მიიღებს და არა ის, რა გამოვა საერთო საქმიდან. ადამიანები, რეალურად, იქ ისხდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ რაღაც მომენტში ერთად ყოფნა სჭირდებოდათ. როგორც კი ნახეს, რომ მსხვილი პარტიები მათ პირდაპირ ეუბნებიან, არაფერში გვჭირდებითო, უკვე დაიწყეს ადგილების ძებნა, რომ ვიღაცას მიეკედლონ. რეალურად, ასეთი სურათი გვაქვს”, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.
თამუნა შეყილაძე