ნახშირღელეში ხუჯაძეები-ჩუნიბიძეების უბნის ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი გზის მოწყობა დაიწყო
ნახშირღელეში რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტი – ხუჯაძეები-ჩუნიბიძეების უბნის ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი გზის მოწყობა დაიწყო.
როგორც “რეგიონულ კვირას” თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, გარდამავალი პროექტი არმირებული ბეტონის საფარით, სანიაღვრე არხებითა და 50 მ. სიგრძის საყრდენი კედლით გზის 1, 8 კმ -იანი მონაკვეთის მოწყობას ითვალისწინებს.
მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – ლაშა გოგიაშვილი მერის წარმომადგენელ მაია გაბიძაშვილსა და საკრებულოს დეპუტატ ლაშა ლანჩავასთან ერთად მიმდინარე სამუშაოებსა და პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნო.
“გზა ამ უბანში კეთდება პირველად, რაზეც, ჯამურად, დაიხარჯება 688 000 ლარი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “გი-ან 2011″ შეასრულებს. ეს გზა, რომელიც სოფლის მჭიდროდ დასახლებულ უბანს ცენტრალურ გზასთან აკავშირებს, იყო ამორტიზებული, რის გამოც გაძნელებული იყო გადაადგილება და მის რეაბილიტაციას ითხოვდა ადგილობრივი მოსახლეობა”, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.