კახეთის რეგიონში საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი ინფრასტრუქტურა მოეწყო
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დონის გასაუმჯობესებლად, კახეთის რეგიონში შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა.
მათივე ცნობით, პროექტი საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიით დაგეგმილი მიზნებისა და ღონისძიებების შესრულების ფარგლებში განხორციელდა.
“საგზო უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი ინფრასტრუქტურა ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 მონაკვეთზე მოეწყო. კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის და ყვარელი-ყვარლის ტბის, ახმეტა-თელავი-ბაკურციხისა და ყვარელი-მუკუზანის, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორისა და ყვარელი-მუკუზანის და თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორისა და თელავი შაქრიანის გზების შერწყმისა და განშტოების ადგილებზე, არსებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად დამატებითი ღონისძიებები განხორციელდა. მოეწო წრიული მოძრაობები, უსაფრთხოების კუნძულები, საგზაო ნიშნები, საგზაო მონიშვნები, ბოძკინტები, მოციმციმე შუქურები, ვიბრო ხმაურიანი ზოლები, გარე განათების ქსელი და სრულად განახლდა ასფალტ-ბეტონის საფარი.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 2 110 000 ლარი შეადგინა”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.