ეკატერინე მიქაბაძე: „საინვესტიციო ფონდების შესახებ” კანონპროექტი ეფუძნება საერთაშორისოდ მოქმედ პრინციპებს და გათვალისწინებულია საქართველოში ეკონომიკის განვითარების დონე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, „საინვესტიციო ფონდების შესახებ” კანონპროექტი, ერთი მხრივ, ეფუძნება საერთაშორისოდ მოქმედ ძირითად პრინციპებსა და რეგულირების მოდელებს, ხოლო, მეორე მხრივ, მასში გათვალისწინებულია საქართველოში კაპიტალის ბაზრის და ზოგადად ეკონომიკის განვითარების დონე.
მინისტრის მოადგილემ ონლაინდიალოგში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პარლამენტის საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის ინიციატივით და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
„საინვესტიციო ფონდების კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან უზრუნველყოფს არამხოლოდ ინვესტორთა დაცულობის ხარისხის გაზრდას, არამედ წარმოადგენს წინაპირობას საერთაშორისო ბაზრის მონაწილეების მხრიდან საქართველოს მიმართ მეტი ნდობისა და დაინტერესებისთვის,” – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
მისი თქმით, განვითარებული საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარება გააღრმავებს საქართველოს ფინანსურ სექტორს, გაზრდის მის ეფექტიანობას და ბიზნეს სექტორისთვის დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს გააჩენს, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.
კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ” საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბანკის, USAID-ის, ინვესტორთა საბჭოსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა.