შსს: გაზგასამართ სადგურთან დაშავებული ექსპერტ-კრიმინალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში დაშავებული ექსპერტ-კრიმინალისტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა.

მომხდარის შედეგად, ექსპერტ-კრიმინალისტმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა,”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები